მაჰსა ამინის პროტესტი

ნობელის პრემიის ლაურეატის, შირინ ებადის თქმით, ირანის "რევოლუციური პროცესი" შეუქცევადია

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი ამბობს, რომ გასულ წელს ახალგაზრდა ირანელი ქალის პატიმრობაში გარდაცვალებამ შეუქცევადი "რევოლუციური პროცესი" გამოიწვია, რომელიც, მისი აზრით, ისლამური რესპუბლიკის დაშლით დასრულდება.

ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა.

ირანი მაჰსა ამინის სიკვდილს სამედიცინო სისტემაში უკვე არსებულ პრობლემებს მიაწერს.ამასთანავე, შეერთებულ შტატებს სასულიერო დაწესებულებების დესტაბილიზაციისა და არეულობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

ბოლო ოთხი ათწლეულის მსგავსად, ხელისუფლებამ 2022 წლის სექტემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები სასტიკად დაარბია - ათობით ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და რამდენიმე ადამიანი ჩამოახრჩო, რაც უფლებადამცველების თქმით, ხალხის დაშინებას ისახავს მიზნად, რათა საპროტესტო აქციების ტალღა შემცირდეს.

სასულიერო დაწესებულების მტკიცე კრიტიკოსი, ებადი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მხარდამჭერია, რომელიც თვლის, რომ მიმდინარე საპროტესტო ტალღა ყველაზე თამამი გამოწვევაა ხელისუფლებისათვის.

"ეს რევოლუციური პროცესი ჰგავს მატარებელს, რომელიც არ გაჩერდება, სანამ არ მიაღწევს საბოლოო დანიშნულებას". - თქვა ებადიმ.

კომენტარები