ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიაში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ენმ-ს მიზანია, მოკლე დროში გადაჭრას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი, დაასრულოს ქვეყანაში რუსული ოლიგარქიული მმართველობა და უზრუნველყოს საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეუქცევადობა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები დასრულებულია. არჩევნები ინოვაციურად, მაღალტექნოლოგიური მეთოდით - ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებით ჩატარდა. ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ენმ-ს მხარდამჭერების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო. პარტიის მართვის უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის მსგავსი, მაღალი დონის ლეგიტიმაცია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით, პარტიის რეალურად გაძლიერების შანსს იძლევა. ამ ყოველივეს მიზანია, უმოკლეს დროში, ერთიანი ძალისხმევით, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი და სახელმწიფო ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეუქცევადობის უზრუნველყოფა". წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია პარტიის სამომავლო გეგმების შესახებაც.

"პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და რეალიზება გარკვეულ დროს მოითხოვს. შედეგად, ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა, გაძლიერდება რეგიონალური პოლიტიკა და ორგანიზაციები, აირჩევა ახალი პოლიტიკური საბჭო და სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებებზე მუშაობას პარტიაში ახლადმოსული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანები შეუდგებიან. რაც შეეხება არაპოლიტიკურ, წმინდა საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ მართვას, მათ შორის, სხვადასხვა სოციალური ქსელში პარტიის კუთვნილებაში არსებული სხვადასხვა რესურსების კოორდინირებულ მუშაობას, ენმ-ის გენერალური მდივნის მითითებით, პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა შუალედური ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო გადაწყვეტილებები უკვე აღსრულების პროცესშია". - წერია განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები 28-30 იანვარს ონლაინ, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდა. არჩევნებში სულ 41 264 ადამიანი მონაწილეობდა. ლევან ხაბეიშვილმა 52.58% (21 656 ხმა) მიიღო, რითიც ის ენმ-ს ახლადარჩეული თავმჯდომარე გახდა.

მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა (40%, 16 476 ხმა), მას მოსდევენ ნონა მამულაშვილი (3.73%, 1537 ხმა) და გიორგი მუმლაძე (3.68%, 1516 ხმა).

კომენტარები