ჩეჩნეთი

კადიროვი ევროპას: სად იყავით, როცა იჩქერიისთვის ვიბრძოდით? დამოუკიდებლად ვერ ვიარსებებთ

რამზან კადიროვი
TASS

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის სიტყვებს, რომ ჩეჩნეთი "დამოუკიდებლობას იმსახურებს".

"სად იყავით, როცა იჩქერიისთვის ვიბრძოდით, როცა დამოუკიდებლობის ინტერესს ვიცავდით? რატომ არ დაგვიჭირეს მხარი ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის უკრაინამ და დღეს რატომღაც გადაწყვიტეთ, რომ არარსებულ სახელმწიფოს დაუჭიროთ მხარი?". – თქვა კადიროვმა. 

კადიროვის თქმით, თავადაც "გულანთებული იჩქერიელი" იყო, თუმცა, მისივე მტკიცებით, ჩეჩნეთს დამოუკიდებლობასა და "საკუთარი სახელმწიფოს შენებაში" ევროპა არ დაეხმარა. მან იჩქერიის ახლანდელ მხარდამჭერებს მოღალატეები უწოდა და თქვა, რომ ჩეჩნეთი დღეს დამოუკიდებელი ვერ იქნება.

"ჩვენი ერის ბედი ჩვენი ხალხის ხელშია. ბედი ჩვენით განვსაზღვრეთ და გადავწყვიტეთ ვისთან გვინდა ცხოვრება, ჩვენ ცხოვრება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გვინდა. იმიტომ, რომ ეს ხალხის არჩევანია და დღეს რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერანაირად ვიარსებებთ, რადგან მილიონ-ნახევარ მოსახლეობას უნდა კვება, ჩაცმა, განათლება... სოციალური საკითხებია, მშენებლობები, სხვა პროექტები. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. ჩვენმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ყოველ წელს ვრწმუნდებით ამაში. უცებ, რატომღაც იჩქერიაზე საუბარი დაიწყეთ. ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. ერთ დროს მეც გულანთებული იჩქერიელი ვიყავი და სწორედ თქვენ არ გვაძლევდით სახელმწიფოს შენების საშუალებას". – თქვა კადიროვმა. 

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ 26 იანვარს ფრანგულ ტელეკომპანია LCI-სთან ისაუბრა, რომ ჩეჩნეთი "დამოუკიდებლობას იმსახურებს". მორავიეცკის თავად იჩქერიის რესპუბლიკა არ უხსენებია. 

1991 წელს ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ვერ მოიპოვა. რესპუბლიკის გამოცხადებას მოჰყვა ჩეჩნეთის ორი ომი ჩეჩენ სეპარატისტებსა და რუსეთის მთავრობას შორის.

თავდაპირველად, რუსეთი 1994-1996 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ეცადა იჩქერიაზე ძალაუფლების აღდგენას, რაც უშედეგოდ დასრულდა და რუსეთმა ჯარები დროებით გაიყვანა. ჩეჩნეთის მეორე ომი 1999 წელს დაიწყო. უკვე 2000 წლისთვის რუსეთმა იჩქერიაზე კონტროლი ფაქტობრივად აღადგინა.

გასული წლის 18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარა.

უკრაინის მხარეს იბრძვიან ჩეჩენი მოხალისეებიც, მათ შორის ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონიც.

კომენტარები