რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის რადამ იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარა და ჩეჩენთა გენოციდი დაგმო

უკრაინის მხარეს მებრძოლ ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონის წევრები იჩქერიის რესპუბლიკის დროშით.
AP Photo/Andrew Kravchenko

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად გამოაცხადეს და ჩეჩენი ერის გენოციდი დაგმეს.

გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინა იჩქერიის ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებას არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმი არსებობს.

ამას გარდა, უკრაინა გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს იჩქერიაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ, დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ და იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარონ.

1991 წელს ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ვერ მოიპოვა. რესპუბლიკის გამოცხადებას მოჰყვა ჩეჩნეთის ორი ომი ჩეჩენ სეპარატისტებსა და რუსეთის მთავრობას შორის.

თავდაპირველად, რუსეთი 1994-1996 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ეცადა იჩქერიაზე ძალაუფლების აღდგენას, რაც უშედეგოდ დასრულდა და რუსეთმა ჯარები დროებით გაიყვანა. ჩეჩნეთის მეორე ომი 1999 წელს დაიწყო. უკვე 2000 წლისთვის რუსეთმა იჩქერიაზე კონტროლი ფაქტობრივად აღადგინა.

უკრაინის მხარეს იბრძვიან ჩეჩენი მოხალისეებიც, მათ შორის ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონიც.

კომენტარები