ეკონომიკური ზრდა

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11%–ით გაიზარდა, წლიური ზრდა 10.1% იყო – საქსტატი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 11%-ით გაიზარდა, ხოლო წლის საშუალო რეალური ზრდა 10.1%-ით განისაზღვრა.  

საქსტატის ინფორმაციით, "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები". 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში.

2022 წლის მსგავსად, 2021 წელიც ქვეყანამ მშპ-ს ორნიშნა, 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირება იყო, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ რეკორდული ვარდნა განიცადა და 6.1%-ით შემცირდა

რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს ეკონომიკაში გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციები, დიდწილად, რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული. 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში ათასობით ადამიანი შემოვიდა. 2022 წლის ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ ერთჯერადი მიგრაციული პროცესებითაა გამოწვეული. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, რის გამოც ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამასთან, მიგრაციის შედეგად სტიმულირებული მოთხოვნის გამო უძრავი ქონების ფასები იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქირა ფასების კალათის ერთ-ერთი კომპონენტია, მისი ზრდა იწვევს ინფლაციის მატებას, რაც მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას წარმოადგენს. 

კომენტარები