დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მალე გამოვა, ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ყოფილი პრემიერი დოკუმენტურ ფილმში საუბრობს, როგორ ცდილობდა პუტინთან მოლაპარაკებას უკრაინაში ომის დაწყებამდე.
ჯონსონის თქმით, პუტინის მუქარა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მან რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრა კატასტროფული იქნებოდა. "ძალიან გრძელი" სატელეფონო საუბარი 2022 წლის თებერვალში შედგა. ჯონსონმა პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას დასავლეთის სანქციები და რუსეთის საზღვრებთან NATO-ს მეტი სამხედროს განლაგება მოჰყვებოდა.
ამას გარდა, ჯონსონმა სამხედრო მოქმედებების შეჩერება იმის თქმით სცადა, რომ უკრაინა NATO-ში "განჭვრეტად მომავალში" ვერ შევიდოდა. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, პუტინმა მას ამ სიტყვების განმარტება მოსთხოვა, თუ რას ნიშნავდა "განჭვრეტადი მომავალი".
როგორც ბორის ჯონსონი ამბობს, პუტინი მას დაემუქრა.
"რაღაც მომენტში დამემუქრა და მითხრა, ბორის, არ მინდა რამე დაგიშავო, მაგრამ რაკეტით მხოლოდ წუთი დასჭირდებაო, თუ რაღაც მსგავსი". – თქვა ჯონსონმა.
ჯონსონის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინი "ძალიან ფამილიარული" იყო. მან აღნიშნა, რომ რთული სათქმელია, რუსეთის პრეზიდენტის მუქარა რეალური თუ იყო.