ისრაელი-ირანი

WSJ: ირანში, ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა

Wall Street Journal-ი აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ქალაქ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა

გამოცემის ცნობით, აშშ და ისრაელი ირანის ბირთვული და სამხედრო ამბიციების შესაკავებლად ახალ გზებს ეძებენ. 

მანამდე, Al Arabiya-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში აშშ-ს თვითმფრინავი მონაწილეობდა და მისი სამიზნე ბალისტიკური რაკეტების საწყობი იყო. ამის შემდეგ, Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ს მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს თავდასხმაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია

მომხდართან დაკავშირებით ისრაელი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. 

28 იანვარს ირანში, ქალაქ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სცადეს. ინფორმაციას ირანის სამთავრობო მედია და თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი მტკიცებით, ერთი დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ორი კი "თავდაცვის მახეში გაება" და აფეთქდა. სამთავრობო მედია IRNA-ს მტკიცებით, სამხედრო საწარმოზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მხოლოდ შენობის სახურავი დაზიანდა.

ირანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიაში ისპაჰანში ხმამაღალი აფეთქების შესახებ დაწერეს.

ბოლო წლებში ირანის სამხედრო ობიექტზე რამდენიმე აფეთქება იყო, რაც თეირანისა და ისრაელის დაპირისპირებას უკავშირდება. იერუსალიმი რამდენიმე წელია, რაც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით იმუქრება.

გასული წლის ივლისში ირანში დააკავეს ეთნიკური ქურთების ჯგუფი, რომელთაც ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების დაგეგმვაში სდებდნენ ბრალს.

კომენტარები