ენმ

ხაბეიშვილი: ამომრჩეველთა 51%-ზე მეტმა ხმა მისცა – არანაირი მეორე ტურები არ იქნება

GHN

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 51%-ზე მეტმა ხმა უკვე მისცა. ხაბეიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, სწრაფად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ამბობს, რომ მეორე ტური იქნება.

"ამ დროისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 51%-ზე მეტმა, 25 000-ზე მეტმა ადამიანმა ხმა მისცა. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მერე ტურები ნაციონალურ მოძრაობაში არ იქნება. არანაირი დასაკარგი დრო ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს, ისედაც ბევრი დავკარგეთ, ჩვენდა სამწუხაროდ. კარგი იქნებოდა, უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი, მაგრამ ახლა მინდა დარჩენილ 48-49%-ს მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ მიიღეთ მონაწილეობა, ჩემო ძვირფასებო, და გახდით ცვლილებების მონაწილე". – თქვა ხაბეიშვილმა.

ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნებზე ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება. არჩევნები ბლოკჩეინის სისტემით ტარდება. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. 

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ნონა მამულაშვილის თქმით, დღევანდელ რეალობაში ცვლილებების მომტანი მხოლოდ რევოლუციაა, "რომელიც შეიძლება დასრულდეს პარლამენტში, მაგრამ უნდა დაიწყოს პარლამენტთან".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს. 

ნიკა მელიას თქმით, არჩევნებში მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი არ არის და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია. 

კომენტარები