ენმ

ნაყოფია: არჩებნებზე 49 638 ადამიანი დაიშვა, პირველადი სიიდან მხოლოდ 118 ამოვიღეთ

კობა ნაყოფია
მთავარი არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში რეგისტრირებულია 49 638 ადამიანი. თავდაპირველი სიიდან 118 მოქალაქე ამოიღეს. 

“არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ, პირველადი სიიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ 118 ადამიანი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ენმ-ს ძალიან ბევრი მხარდამჭერი დარეგისტრირდა. საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პატიებს და ამ დროს ზოგიერთი [იყო] პარლამენტის წევრიც. ალბათ, თვითონ მიხვდებიან ვისზე ვსაუბრობ. 

პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი”. - ამბობს კობა ნაყოფია. 

პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი პატარაია ამბობს, რომ ბოლო (14:00 საათის) მონაცემებით ხმა 9 000ზე მეტმა ადამიანმა მისცა. 

ხმის მიცემა დღეს, 28 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება. არჩევნები ბლოკჩეინის სისტემით ტარდება. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. 

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ნონა მამულაშვილის თქმით, დღევანდელ რეალობაში ცვლილებების მომტანი მხოლოდ რევოლუციაა, "რომელიც შეიძლება დასრულდეს პარლამენტში, მაგრამ უნდა დაიწყოს პარლამენტთან".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს. 

ნიკა მელიას თქმით, არჩევნებში მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი არ არის და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია. 

კომენტარები