ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო

კახა მჭედლიძე

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო. დარეგისტრირებულ მხარდამჭერებს ხმის მიცემა ელექტრონულად შეუძლიათ.

არჩევნები 30 იანვარს, დილის 10:00 საათზე დასრულდება. პარტიაში ვარაუდობენ, რომ ინფორმაცია გამარჯვებული შესახებ 30 იანვარსვე გახდება ცნობილი. 

არჩევნები ბლოკჩეინის სისტემით ტარდება. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. 

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ნონა მამულაშვილის თქმით, დღევანდელ რეალობაში ცვლილებების მომტანი მხოლოდ რევოლუციაა, "რომელიც შეიძლება დასრულდეს პარლამენტში, მაგრამ უნდა დაიწყოს პარლამენტთან".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს. 

ნიკა მელიას თქმით, არჩევნებში მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი არ არის და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია. 

კომენტარები