საქართველო-სომხეთი

თსუ-ს ყოფილი რექტორი, გიორგი შარვაშიძე სომხეთში ელჩად დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. 25 იანვარს შარვაშიძეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

"მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა". – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორად 2016 წლის სექტემბერში აირჩიეს. მან ლადო პაპავა ჩაანაცვლა. 2013 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე შარვაშიძე განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თანამდებობას ის 1989-1990 წლებშიც იკავებდა. 

2020 წლის იანვარში სოციოლოგის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია. თავად უნივერსიტეტმა პლაგიატის ფაქტი უარყო

შარვაშიძემ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით 2022 წლის 7 ოქტომბერს მიმართა. 7 დეკემბერს უკონკურენტო არჩევნებში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს.

კომენტარები