რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კირბი: ის აზრი, რომ ბერლინის გადაუწყვეტელობა NATO-ში განხეთქილებას იწვევს, გადაჭარბებულია

ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ უარყო მოსაზრება, რომ გერმანიის გადაუწყვეტელობა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით NATO-ში განხეთქილებას იწვევს

"იმის თქმა, რომ ეს შეუთანხმებლობა ალიანსში განხეთქილებას იწვევს, ან რატომღაც უკრაინაში ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეში აგდებს, ძალიან გადაჭარბებულია". - ამბობს კირბი.  

კირბის თქმით, უკრაინისთვის Leopard-2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე კონსესუსი ჯერ არ შემდგარა და მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. 

კირბიმ აღნიშნა ისიც, რომ NATO არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორიც დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თუმცა, ბუნებრივია, რომ ალიანსი ყველა გადაწყვეტილების ნებისმიერ ასპექტზე ვერასდროს შეთანხმდება. 

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ალიანსში შემავალი ქვეყნების ეროვნული, სუვერენული გადაწყვეტილებებია. რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ გერმანელების სახელით იმაზე, თუ როგორ აფასებენ ისინი Leopard-2-ის ტიპის ტანკებს. ეს იარაღი ნამდვილად კარგია და მათ ბრძოლის ველზე ეფექტიანად მოქმედება შეუძლიათ, თუმცა, ის, თუ როგორ მოიქცევა გერმანია, სრულად მათი გადასაწყვეტია". - დასძინა კირბიმ. 

ბოლო დროს ოლაფ შოლცს დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი უკრაინისთვის Leopard-2-ის ტიპის ტანკების გადაცემისგან თავს იკავებს და პროცესს აჭიანურებს. მეტიც, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ თუ გერმანია Leopard-2-ის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას არ დათანხმდება, პოლონეთი სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც მზად არიან უკრაინა ტანკებითა და საჭირო აღჭურვილობით მოამარაგონ, "მცირე კოალიციას" შექმნის.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს.

ამის საპასუხოდ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსესუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

კომენტარები