დენის კირეევის მკვლელობის საქმე

ბუდანოვი კირეევის მკვლელობის უკან ხედავს მათ, ვისაც "უკრაინის გამარჯვება არ სურდათ"

კირილო ბუდანოვი საკუთარ ოფისში
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ბიზნესმენისა და მისი უწყების თანამშრომლის, დენის კირეევის მკვლელობის უკან ხედავს ადამიანებს, რომლებსაც "უკრაინის გამარჯვება არ სურდათ". ამის შესახებ ბუდანოვმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბუდანოვმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის ბუდანოვის ბელარუსში, რუსეთთან მოლაპარაკებების რაუნდებზე პროცესის გასაჭიანურებლად და დროის მოსაგებად გზავნიდა. 

"ის იქ (ბელარუსში მოლაპარაკებებზე) მე გავგზავნე. პირველადაც და მეორედაც, როცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მონახულების შემდეგ პირდაპირ უნდა გამგზავრებულიყო. რადგან ადამიანი უკვე დაღუპულია, ამაზე საუბარი შეგვიძლია: მთავარი დავალება, რომელიც მას მივეცით, პროცესის გაჭიანურება იყო, რათა დრო მოგვეგო. რადგან ბატონი კირეევი პირადად იცნობდა მოლაპარაკების პროცესის ორ წევრს, რომლებიც რუსეთის მხარეს წარმოადგენდნენ". – თქვა ბუდანოვმა.

ბუდანოვი თვლის, რომ კირეევის მკვლელობაში დამნაშავეები არიან ადამიანები, რომლებსაც რუსეთთან მოლაპარაკებების გაჭიანურება არ აწყობდათ და უკრაინის გამარჯვება არ სურდათ.

"შემიძლია გამოვთქვა აბსოლუტურად საკუთარი, სუბიექტური აზრი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ვინც ეს განზრახ გააკეთა (მოკლა კირეევი), მიზნად ისახავდა არ დაეშვა, რომ სხვის თამაშში ჩავრეულიყავით და ეს პროცესი გაგვეჭიანურებინა, რათა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მტრის მოსაგერიებლად გარკვეული ქმედებები გაეკეთებინათ. თუ ის მოვლენები გახსოვთ, მაშინ სიტუაცია კრიტიკულთან ახლოს იყო. ვფიქრობ, კარგად უნდა გახსოვდეთ. და იყო გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც, ასე ვთქვათ, დიდად არ სურდათ უკრაინის გამარჯვება". – აღნიშნა ბუდანოვმა. 

ამას გარდა, ბუდანოვმა დაადასტურა, რომ კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მანქანაში მოკლეს.


2022 წლის 5 მარტს კიევის ქუჩაში იპოვეს ბანკირის, დენის კირეევის ცხედარი, რომელსაც კეფის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანება ეტყობოდა. თავდაპირველად, უკრაინულმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ კირეევი სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი იყო და ის დაკავების დროს შემოაკვდათ. აქამდე, კირეევი მონაწილეობას იღებდა ომის დაწყების შემდეგ კიევსა და მოსკოვს შორის გამართულ პირველ მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც ბელარუსში 28 თებერვალს გაიმართა.

უკვე 6 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირეევი მათი თანამშრომელი იყო და "უკრაინის დაცვის დროს" დაიღუპა. დაზვერვა წერდა, რომ "სპეციალური დავალების შესრულების დროს" მათი კიდევ ორი აგენტი მოკლეს. კირეევი კიევში, გმირთა სასაფლაოზე დაკრძალეს. მეტიც, სიკვდილის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვის გამორჩეული წვლილისთვის განკუთვნილი ორდენით დააჯილდოვა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ კირეევის სიკვდილი ძალოვან სტრუქტურებს შორის კოორდინაციის უქონლობამ გამოიწვია.

კირეევის საქმესთან დაკავშირებული დეტალები 18 იანვარს ამერიკულმა გამოცემამ, The Wall Street Journal-მა გაასაჯაროვა სტატიაში – რუსეთის ჯაშუში თუ უკრაინის გმირი? დენის კირეევის უცნაური სიკვდილი. WSJ-სთან უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ამბობდა, რომ კირეევის მიერ უკრაინისთვის გადაცემულმა ინფორმაციამ კიევი დაცემას გადაარჩინა. 

ვრცლად: 

მოღალატე თუ უკრაინის გმირი? – სპეცსამსახურების არაკოორდინირებულობის მსხვერპლი

კომენტარები