რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნაუსედა: უკრაინისთვის მძიმე იარაღის გადაცემის გადაწყვეტილების გაჭიანურება ამორალურია

გიტანას ნაუსედა
skrastas

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, კიევისთვის მძიმე იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილების გაჭიანურება ამორალურია, რადგან ყოველი დღე უკრაინას მოქალაქეთა სიცოცხლის ფასად უჯდება

"სამწუხაროა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც დროულად უნდა მივიღოთ, სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდება. 

ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების შეხედულება განსხვავებულია, ან შესაძლოა, არ გსურდეს იმ ქვეყნის გამოწვევა, რომელიც დღეს ბინძური ჩექმით უკრაინის ტერიტორიაზე მიცოცავს. ვფიქრობ, ეს არასწორია. პირველ რიგში, ეს ამორალურია, რადგან უკრაინას ყოველი დღე ძვირი - ადამიანის სიცოცხლე უჯდება". - თქვა ნაუსედამ. 

ნაუსედამ აღნიშნა, რომ უკრაინის სწრაფი და აქტიური დახმარება ომის ხანგრძლივობის შემცირებისა და გამარჯვებისკენ მიმავალი გზაა.

მანამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ თუ გერმანია Leopard-2-ის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას არ დათანხმდება, პოლონეთი სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც მზად არიან უკრაინა ტანკებითა და საჭირო აღჭურვილობით მოამარაგონ, "მცირე კოალიციას" შექმნის.

ხოლო, გერმანიამ რამშტაინის სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ტანკების მიწოდებას იმ შემთხვევაში დააჩქარებს, თუ პარტნიორებს შორის კონსენსუსი მიიღწევა.

"ეს დრო უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის აღჭრუვილობისა და წვრთნების მისაწოდებლად, რადგან რუსეთი გაზაფხულში სრულმასშტაბიან თავდასხმას განაახლებს გაზაფხულში, უკრაინა კარგადაა აღჭურვილი, Leopard-ების გარეშეც". - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსესუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები