რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა სამხედრო ტექნიკას ითხოვს და იღებს უკრაინა?

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა სამხედრო ტექნიკას ითხოვს და იღებს უკრაინა?

2022 წლის თებერვალში ომის დაწყებიდან უკრაინამ 30 სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის შეიარაღება  მიიღო

უკრაინის ომის თითოეულ ფაზას თავისი საკულტო იარაღი აქვს. გასულ ზამთარში კიევისთვის ბრძოლაში მთავარი როლი ითამაშეს ჯაველინისა და სტინგერის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებმა. როდესაც გაზაფხულზე საბრძოლო მოქმედებები ძირითადად დონბასის რეგიონში მიმდინარეობდა, 155 მმ-იანი ჰაუბიცი იყო მთავარი. ხოლო უკვე შემოდგომისთვის, მაშინ როცა უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა, ომის წარმმართველად HIMERS-ები იქცა.

ახლა კი, როცა ორივე მხარე შეტევისთვის ემზადება, უკრაინის ძალები ჯავშანტექნიკას, პირველ რიგში, ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ითხოვს.

ამერიკის შეერთებულ შტატებმა ამ კვირაში უკრაინისთვის $2.5 მილიარდი ოდენობის სამხედრო დახმარება გამოყო - მათ შორის ჯავშანტექნიკა, თუმცა დახმარების პაკეტი კიევის მიერ მოთხოვნილ ტანკებს არ ითვალისწინებს. 

დიდი ბრიტანეთი კი უკრაინაში Challenger 2-ის ტანკებს აგზავნის. ამის პარალელურად კი იზრდება ზეწოლა, რომ გერმანიამ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ, Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

ტანკები

უკრაინელი სამხედრო ლიდერების თქმით, რუსული თავდაცვის ხაზის გარღვევისთვის 300-მდე ტანკი სჭირდება

დიდი ბრიტანეთი დათანხმდა უკრაინას 14 Challenger 2-ის ტიპის ტანკის მიწოდებაზე. Challenger 2 ბრიტანული არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია.

Challenger 2 1990-იან წლებში შეიქმნა, მაგრამ ბევრად უფრო მოწინავეა, ვიდრე სხვა ტანკები, რომლებიც ხელმისაწვდომია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

შეჭრამდე უკრაინა იყენებდა T-72 ტანკებს. 2022 წლის თებერვლიდან კი მიიღო 200-ზე მეტი T-72 პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და მცირე რაოდენობა სხვა ქვეყნებიდანაც.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებს სურდათ შეეთავაზებინათ უკრაინისთვის ვარშავის პაქტის და არა NATO-ს სტანდარტის იარაღი, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სწორედ ამ იარაღისთვის ჰქონდათ ტექნიკური მზადყოფნა და შესაბამისი ცოდნა. 

NATO-ს სტანდარტის ტანკებზე გადასვლა ლოგისტიკურ მხარდაჭერას მოითხოვდა, რაც უკრაინას არ გააჩნდა. 

ახლა უკრაინას სურს გერმანული Leopard 2-ის ტიპის ტანკები, რომლებსაც ევროპის რამდენიმე ქვეყანა იყენებს. Leopard 2-ის შენახვა უფრო მარტივია და მოითხოვს ნაკლებ საწვავს, ვიდრე ზოგიერთი სხვა დასავლური ალტერნატივა.

ამასთანავე, იზრდება საერთაშორისო ზეწოლა, რომ გერმანიამ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ, Leopard 2-ის უკრაინისთვის მიწოდების პროცესი არ შეაფერხოს. 

ვრცელდება ვარაუდები, რომ გერმანია არ შეცვლის პოზიციას Leopard 2-თან დაკავშირებით, თუ აშშ უკრაინას Abrams-ებს არ მიაწვდის. თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ამ გადაწყვეტილებისთვის მზად.

"Abrams-ის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა. ძვირია. ძნელია მისი მართვის შესწავლა. მას აქვს რეაქტიული ძრავა". - ამბობს პენტაგონის უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი, კოლინ კალი.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განმარტებით კი, რა იარაღი სჭირდება ქვეყანას, ჯარი განსაზღვრავს, უკრაინული ძალები მძიმე არტილერიასა და ტანკებს მოითხოვენ.

რაც შეეხება მართვის სირთულეს, დანილოვი აღნიშნავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ახალი ტანკების მართვას მაქსიმუმ ერთ თვეში შეძლებენ.

"სწრაფად ვისწავლით ყველა იმ შეიარაღების მართვას, რაც მტრის განადგურებაში დაგვეხმარება". - ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. 

საბრძოლო მანქანები

უკრაინისთვის მიწოდებულ სამხედრო მანქანებს შორის არის Stryker-ის ჯავშანტექნიკაც - დამატებით 90 აშშ-ს ახალ სამხედრო პაკეტშიცაა გათვალისწინებული. ამასთანავე აშშ უკრაინას მიაწოდებს 59 Bradley-ის ქვეით საბრძოლო მანქანებს, რომლებსაც აშშ თავად ერაყში იყენებდა.

საჰაერო თავდაცვა

21 დეკემბერს აშშ-მ გამოაცხადა, რომ უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემას აგზავნიდა. ამ კვირას აშშ-ს გერმანია და ნიდერლანდებიც შეუერთდნენ.

ამ თანამედროვე სისტემას 100 კმ-ის რადიუსის დაფარვა შეუძლია - მანძილი დამოკიდებულია გამოყენებული რაკეტის ტიპზე. Patriot-ის გამოყენება სპეციალიზებულ მომზადებას საჭიროებს, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, გერმანიაში აშშ-ს არმიის ბაზაზე გაივლიან. სისტემის ექსპლუატაცია ძვირია - ერთი Patriot-ი დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ჯდება.

კონფლიქტის დაწყების დღიდან უკრაინა საბჭოთა ეპოქის C-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს იყენებს. ომის დაწყებამდე თებერვალში უკრაინა დაახლოებით 250 C-300-ს ფლობდა და იყო მცდელობა მიეღო დამატებითი მარაგი სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასევე მიაწოდა Nasams (ეროვნული გაფართოებული მიწა-ჰაერი სარაკეტო) სისტემა. პირველი Nasams-ები უკრაინაში ნოემბერში ჩავიდა.

გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის რამდენიმე სისტემა მიაწოდა, მათ შორის Starstreak, რომლებიც შექმნილია დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების მოკლე მანძილზე ჩამოსაგდებად.

ამასთანავე, უკრაინას გერმანიამ მიაწოდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის IRIS-T-ს ტიპის, რომლებსაც მოახლოებული რაკეტების ჩამოგდება 20 კმ-მდე სიმაღლეზე შეუძლიათ.

შორს მსროლელი რაკეტები

აშშ-ს მიერ უკრაინაში გაგზავნილ რეაქტიულ ზალპური ცეცხლის სისტემებს შორის არის M142-ის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა - HIMARS-ები. მსგავსი სისტემა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამაც გაუგზავნა უკრაინას.

მიიჩნევა, რომ HIMARS-ებმა ცენტრალური როლი ითამაშეს ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებაში, განსაკუთრებით ნოემბერში ხერსონში.

HIMARS-ები უფრო ზუსტია, ვიდრე მისი რუსული ექვივალენტი და, ამასთანავე, უფრო შორს (80კმ) სროლაც შეუძლია. 

გენერალი ბენ ჰოჯესის თქმით, ტანკების არარსებობაზე იმედგამცურებელი შორ მანძილზე მსროლელი ზუსტი იარაღის ნაკლებობაა, რათა უკრაინამ შეძლოს, რუსეთის სარდლობის პუნქტებსა და ლოგისტიკურ კერებს დაარტყას.

HIMARS-ისა და მისი მსგავსი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების მიერ ნასროლი gps-ით მართული რაკეტები 70-84 კმ-ის რადიუსს აღწევს. გენერლის განმარტებით, თავიდან აღნიშნული რაკეტების მოგერიება რუსეთისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, მაგრამ მას შემდეგ რუსეთმა საბრძოლო ხაზი გადააწყო და სამიზნეების დაშორება შეძლო.

კალი აღიარებს, რომ უკრაინას "სიღრმისეული ბრძოლისთვის" აღჭურვილობა სჭირდება. ამის მიუხედავად, პენტაგონი კიევს Gray Eagle-ის დრონს არ აწვდის. Gray Eagle-ს მისიაზე ფრენა 30 საათზე მეტ ხანს შეუძლია და ასევე დაზვერვისთვის დიდი ინფორმაციის შეგროვების უნარი აქვს. Gray Eagle-ი არის უფრო ცნობილი დრონის, Predator-ის აშშ-ს არმიისთვის განკუთვნილი ვერსია და შეუძლია 8 დიდი სიმძლავრის Hellfire-ის ტიპის რაკეტით აღჭურვა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი იმედოვნებდა, რომ უკრაინა აშშ-სგან ახალ 150 კმ-იან დისტანციურ იარაღს მიიღებდა, რომელიც ცნობილია როგორც GLSBD-ის (სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი) რაკეტა, მისი გასროლა კი HIMARS-ებიდანაც არის შესაძლებელი. ეს მიცავს მცირე დიამეტრის ბომბს, რომელიც ლაზერული ან gps-ით მართვადია. ამ იარაღს აშშ ერაყსა და ავღანეთში ფართოდ იყენებდა. მისი დამონტაჟება შესაძლებელია მოძველებულ M26-ის რაკეტებზე, მათი სიზუსტის გასაზრდელად.

პენტაგონი კი უარს ამბობს 300 კმ-იანი ATACMS-ის რაკეტის მიწოდებაზე, რომელთა გაშვება HIMARS-ებიდანაც შესაძლებელია. ამერიკა და უკრაინა "თანხმდებიან, რომ ATACMS-ის მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ", ამბობს პენტაგონის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალი.

ჰაუბიცები

შეჭრიდან მალევე, როდესაც რუსეთმა კიევიდან უკან დახევა დაიწყო, ომის ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთით იყო ორიენტირებული, სადაც უკრაინას არტილერია სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. 

ავსტრალია, კანადა და აშშ იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც უკრაინაში მოწინავე 155მმ-იანი M777-ის ტიპის ჰაუბიცები და საბრძოლო მასალები გააგზავნეს.

M777-ის რადიუსი რუსეთის Гиацинт-Б-ს ჰაუბიცის ტოლია, თუმცა ბევრად აღემატება რუსეთის Д-30-ის ტიპის ჰაუბიცას. 

ტანკსაწინააღმდეგო იარაღი

უკრაინას, ასევე, მიაწოდეს Nlaw-ის ტიპის იარაღი, რომელიც შექმნილია ტანკების ერთი სროლით განადგურებისთვის.

მიიჩნევა, რომ იარაღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიევზე რუსული ძალების წინსვლის შესაჩერებლად შეჭრიდან საათებსა და მომდევნო დღეებში.

Javelin-ის რაკეტები იმ იარაღებს შორისაა, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში რამდენიმეჯერ იყო გათვალისწინებული. Javelin-ი ტანკსაწინააღმდეგო იარაღიაა, რომელიც რაკეტას 4 კილომეტრის რადიუსში ისვრის.  აშშ-მ უკრაინას 8 500 Javelin-ი მიაწოდა.

დრონები

დრონებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ მიმდინარე კონფლიქტში. თურქეთმა Bayraktar TB2-ის უპილოტო თვითმფრინავები უკრაინას ბოლო თვეებში მიჰყიდა. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Bayraktar TB2 კონფლიქტში ძალიან ეფექტურია - დაფრინავს რა დაახლოებით 7 600 მეტრის სიმაღლეზე მანამ, სანამ რუსეთის სამიზნეებზე ლაზერული მართვადი ბომბებით დაეშვება. 

ვარაუდობენ, რომ დრონებით გაანადგურეს ვერტმფრენები, საზღვაო ხომალდები და სარაკეტო სისტემები. ისინი ასევე გამოიყენეს რუსული პოზიციების ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად ზუსტი საარტილერიო დარტყმისთვის.

კომენტარები