არჩევნები ენმ-ში

დავითულიანი: სუსტი ნაციონალური მოძრაობა უდრის უფრო ძლიერ საქართველოს

მე მგონი, საქმე ძალიან მარტივადაა. ისინი აგერ უკვე 10 წელია ცდილობენ, რომ ქვეყანაში რაღაც არიონ და გადაატრიალონ. საბოლოო ჯამში კი გადატრიალებას საკუთარ პარტიაში ახდენენ და მასში არეულობას ქმნიან. ამ ძალას მეტი არაფრის რესურსი აღარ აქვს. ადრე არჩევნებს ქვეყანაში გვიყალბებდნენ, ახლა კი ერთმანეთს უყალბებენ. ამ არჩევნების წინ, ერთმანეთის მიმართ რაღაც ბრალდებებს აჟღერებენ და თავისი ტრადიციული მეთოდებით, ჩანაწერების გასაჯაროებითა და ერთმანეთის დისკრედიტაციით, ერთი თუ მეორე მხარე რაღაც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ჭიდილი როგორც არ უნდა დასრულდეს, ნაციონალური მოძრაობის დასუსტებით საქართველო გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ სუსტი ნაციონალური მოძრაობა უდრის უფრო ძლიერ ქვეყანას. სამწუხაროდ, თავისი ქმედებებითა და დესტრუქციით, მათ ეს ფორმულა თავადვე შექმნეს - არა მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ოპოზიციაში არიან, არამედ, მანამდეც, წლების განმავლობაშიც, სანამ ხელისუფლებაში იყვნენ. შესაბამისად, თუ ისინი სუსტები იქნებიან და საბოლოო ჯამში, თუ ნაციონალური მოძრაობა აღარ იარსებებს, შემდეგ უკვე შეიძლება სერიოზული ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებაზე საუბარი, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად საჭიროა. იმედი მაქვს, პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ და ასევე იმედი მაქვს, ეს იმას გამოიწვევს, რომ მალე ენმ აღარ იარსებებს [...] ნებისმიერ შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარედ ვინც არ უნდა აირჩიონ, ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო დასუსტდება. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი TV იმედის ეთერში. ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ერთადერთი გამოსავალი საქართველოში რევოლუციური ცვლილებებია. ენმ-ში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.

კომენტარები