არჩევნები ენმ-ში

მელია - კეზერაშვილს: დარჩა რამე რაც შეიძლება კიდევ იკადრო/თ?

"დარჩა კიდევ რამე რაც შეიძლება იკადროთ?" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე დავით კეზერაშვილს მიმართავს და ავტომობილზე განმარტებას აკეთებს.

მელია წერს, რომ დამატებითი ავტომობილის საჭიროება არ არსებობდა, როდესაც ერთ დღეს თანაპარტიელებმა უთხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში მეორადი მანქანა იყო, რომელიც დავით კეზერაშვილმა გამოგზავნა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დაინახა, რომ კეზერაშვილი შიდა პარტიულ პროცესებში ჩარევას ცდილობდა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება რამდენჯერმე სცადა.

"ვწუხვარ და მეუხერხულება კიდეც ამ თემაზე, რომ ვწერ სტატუსს, მაშინ როცა უზარმაზარი გამოწვევევის წინაშე დგას პარტიაც და ქვეყანაც, მაგრამ პროპაგანდა ასე მუშაობს - დღეს ბევრი ამ თემაზე წერს და სატელევიზიო ეთერებსაც უთმობენ და მე ვალდებული ვარ პირველ რიგში ენმ მხარდამჭერებს ვუთხრა სიმართლე.

ავტომობილზე ვწერ მეგობრებო, იმ ავტომობილზე, რითაც პარტიის თავმჯდომარე რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მჭირდებოდა დაცვა და შესაბამისად დამატებითი ავტომობილი. დაცვას გადავეცი ოჯახის საკუთრებაში მყოფი. მე კი ვსარგებლობდი პარტიის ავტომობილით (Mazerati), რომელიც პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით, ათხოვა ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა. მახსოვს ამ ნათხოვარმა ავტომობილმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არც ის იყო ჩემი.

დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს, ჩემთვის მიულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.

მას შემდეგ რაც, დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება.

ბოლოს, ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში.

აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები.

ბატონებო, კეზერაშვილის "ნაჩუქარი" ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია.

David Kezerashvili - დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?". - წერს მელია და პოსტში დავით კეზერაშვილს ნიშნავს.

22 იანვარს, ენმ-ს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თქვა, რომ ნიკა მელიას პირადად აქვს მიღებული ავტომობილი დავით კეზერაშვილისგან.

"ეს თანამშრომლობა, გარკვეული ურთიერთობა, მათ შორის მეგობრული ურთიერთობაც ნიკა მელიასგან მოდიოდა დავით კეზერაშვილთან მიმართებაში. რამდენიმე არჩევნების განმავლობაში მას პირადად ეხმარებოდნენ, მას პირადად მიუღია საჩუქრებიც, პირადი ავტომობილი, ძვირადღირებული, რომლითაც ის დადის...". - თქვა ბეჟაშვილმა.

კომენტარები