საქართველო-პოლონეთი

გოშიევსკა: მემუქრებიან, რომ თუ სააკაშვილზე საუბარს გავაგრძელებ, საქართველოში არ შემომიშვებენ

მალგოჟატა გოშიევსკა

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერის, მალგოჟატა გოშიევსკას თქმით, მას ემუქრებიან, რომ თუ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს გააგრძელებს, საქართველოში აღარ შემოუშვებენ. გოშიევსკა ამბობს, რომ ეს პოლონეთის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

"მინდა ვთქვა, რომ არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ჩემი მისამართით ისმის. მემუქრებიან, რომ თუ პრეზიდენტის სიცოცხლესა და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს ისევ გავაგრძელებ, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე და მუქარა ჩვენმა ელჩმა მოისმინა, რომელსაც ეს პირდაპირ განუცხადეს. მაგალითად, მე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე რუსეთსა და ბელარუსში შესვლის საშუალება არ მაქვს და თუ ამ ქვეყნებს საქართველო დაემატება, აქ ყველაფერი ნათელი იქნება. ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან ჩაატარეს. ეს მუქარა ოფიციალურ საუბარში გაისმა. იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა. მე მინდა, რომ საქართველო ნორმალურ წრეზე დაბრუნდეს და იმის საშუალება გვქონდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხეებში მოვინახულოთ. მაგალითად, მე წლების განმავლობაში ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს ვნახულობდი. მაშინ ამის საშუალება მქონდა, ახლა კი აღარ მაქვს. რამდენჯერმე უარი მითხრეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მენახა. ასევე, უარი მითხრეს ნიკა გვარამიას მონახულებაზეც.

როგორც ვიცი, ეს საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა. როცა ასეთი ტიპის საუბრებია, ეს როგორც წესი საგარეო საქმეთა სამინისტროში ხდება და მას [პოლონეთის ელჩს] იქ მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ელჩს უთხრეს, რომ თითქოსდა ჩემი გამონათქვამები საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას ზიანს აყენებს, ასევე ანა ფოტიგას გამონათქვამებიც. ამ კონტექსტში ელჩს უთხრეს, რომ მე დამემუქრება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა". - თქვა გოშიევსკამ ფორმულასთან საუბარში.

გოშიევსკამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია და პოლონეთი მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს. მისივე თქმით, პოლონეთი მზადაა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიიღოს და უმკურნალოს.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სამჯერ მივიდა, თუმცა, მას ამის საშუალება არცერთხელ არ მისცეს. ის არც ნიკა გვარამიას სანახავად შეუშვეს.

კომენტარები