პოზნანში გარდაიცვალა 5 თვის ბიჭი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფებოდა. პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია ბავშვის დედა - საქართველოს მოქალაქე, 40 წლის თამარ. კ. ასევე, მისი ორი მეგობარი - მოლდოვის მოქალაქე მამაკაცები. ძებნაშია ბიჭის მამა, ასევე საქართველოს მოქალაქე, ნაზგური. კ.
პოლონური მედიის ინფორმაციით, 2 აპრილს 5 თვის ბიჭი დედამ პოზნანის პედიატრიულ ცენტრში მიიყვანა. მისი თქმით, ბავშვს დაზიანება არ მიუღია, თუმცა, გონება დაკარგა. სამედიცინო გამოკვლევების მიხედვით, ბიჭს თავის ქალის მოტეხილობა და ტვინის დაზიანებები აღმოაჩნდა, რომლებიც, ექიმების თქმით, არა ერთი დაცემის, არამედ, რამდენიმედღიანი ძალადობის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ბავშვი 8 აპრილს გარდაიცვალა. პოზნანის რაიონული პროკურატურის ცნობით, ბავშვს თავის ქალის მოტეხილობის გარდა, ჰემატომაც ჰქონდა.
საქმესთან დაკავშირებით დააკავეს ბავშვის დედა და ორი მამაკაცი - ალექსანდრე ს. და ვლადისლავ მ. გამოძიების ცნობით, ორივე მამაკაცი ბავშვის მამასთან ერთად, დედის არყოფნის დროს ბიჭზე ზრუნავდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ქალი დაგეგმილი სამედიცინო პროცედურების გამო, პოლონეთში არ იმყოფებოდა.
ბავშვის დედას და ორივე მამაკაცს ბრალი წარუდგინეს ჩვილის მძიმე ფიზიკური დაზიანების რისკის ქვეშ დაყენებისა და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის პირველადი დახმარების არგაწევაში. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და თავს უდანაშაულოდ ცნობენ.
"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის შეფასებით, ბავშვს სერიოზული ფიზიკური დაზიანება ჰქონდა, რაც სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნიდა. მან ასევე განაცხადა, რომ დაზიანებები, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ბავშვის ძლიერი ნჯღრევის და თავის მყარ საგნებზე დარტყმის, ან იატაკზე დაცემისა და დარტყმის შედეგად“, - განაცხადა პროკურორმა ლუკაშ ვავჟინიაკმა.
ბიჭის მამას, ნაზგური კ-ს პოლიცია ეძებს. პროკურორი წინასწარი პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდებას ითხოვს.
ბავშვის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გაკვეთის შედეგები დაადგენს.





