2023 წელს გარდაცვლილები

78 წლის ასაკში ლეგენდარული გიტარისტი ჯეფ ბეკი გარდაიცვალა

Spotify

78 წლის ასაკში ლეგენდარული ინგლისელი გიტარისტი და კომპოზიტორი ჯეფ ბეკი გარდაიცვალა. ინფორმაციას მუსიკოსის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"ჯეფ ბეკი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ ოჯახს. სიკვდილის მიზეზი ბაქტერიული მენინგიტი გახდა". – წერია ოფიციალურ გვერდზე.

ჯეფ ბეკმა პოპულარობა 60-იან წლებში მოიპოვა, როდესაც ბენდ Yardbirds-ში ერიკ კლაპტონი ჩაანაცვლა. ერთი წლის შემდეგ მან საკუთარი ბენდი The Jeff Beck Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრები როდ სტიუარტი და რონ ვუდი იყვნენ.

1992 წელს ბეკი როკ ენ როლის დიდების დარბაზში, როგორც Yardbirds-ის წევრი შევიდა. 2009 წელს მუსიკოსი იმავე დარბაზში როგორც სოლო გიტარისტი შეიყვანეს. ბეკი 8 გრემის ჯილდოს მფლობელია.

მუსიკოსის გარდაცვალებას არაერთი როკ ვარსკვლავი, მათ შორის მიკ ჯაგერი, ოზი ოზბორნი, დევიდ გილმორი, როდ სტიუარტი და ჯინ სიმონსი გამოეხმაურა.

"განადგურებული ვარ ჩემი მეგობრისა და გმირის, ჯეფ ბეკის გარდაცვალებით. მისი მუსიკა უამრავი ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. ჩემი ფიქრებით მის საყვარელ ცოლთან, სანდრასთან ვარ. ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში". – წერს Pink Floyd-ის წევრი დევიდ გილმორი.

გიტარისტმა ბოლო ალბომი შარშან, ჯონი დეპთან ერთად ჩაწერა.

კომენტარები