საბერძნეთი

82 წლის ასაკში საბერძნეთის ყოფილი მეფე, კონსტანტინე II გარდაიცვალა

Menelaos Myrillas

ათენის საავადმყოფოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, 82 წლის ასაკში საბერძნეთის ყოფილი მეფე, კონსტანტინე II გარდაიცვალა.

CNN Greece-ის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, კონსტანტინე II-ს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათ შორის, მეორედ მოუწია კორონავირუსის გადატანა.  

კონსტანტინე II 1940 წლის 2 ივნისს დაიბადა. მამამისი იმჟამინდელი მეფის, გიორგი II-ის ძმა იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი სამხრეთ აფრიკაში, ემიგრაციაში იმყოფებოდა. საბერძნეთში 1946 წელს დაბრუნდა. ერთ წელში მეფე გარდაიცვალა და კონსტანტინე ტახტის მემკვიდრე გახდა. 

1964 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინე II ტახტზე ავიდა. იმავე წელს მან დანიის პრინცესაზე იქორწინა. მათ ხუთი შვილი ეყოლათ. 

1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ კონსტანტინემ და მისმა ოჯახმა რომს შეაფარეს თავი. მის ნაცვლად სამხედრო რეჟიმმა ტახტზე რეგენტი დასვა. 

1973 წლის რეფერენდუმის შემდგომ საბერძნეთში მონარქია გაუქმდა. კონსტანტინე ინგლისში გადასახლდა, თუმცა 2000-იანი წლებიდან საბერძნეთს ხშირად სტუმრობდა. 

კონსტანტინე II-ს მჭიდრო ნათესაობა აკავშირებდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან. იგი მეფის, ჩარლზ III-ის ბიძაშვილი და პრინცი უილიამის ნათლია იყო. 

Reuters-ის ინფორმაციით, კონსტანტინეს დაკრძალვის ცერემონია ათენთან ახლოს, ყოფილ სამეფო რეზიდენციაში გაიმართება.

კომენტარები