კულტურის სამინისტრო

თეატრალურის თანამშრომელი წულუკიანს პარტიული ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს

Rusudan Tevzadze / Facebook

პარტია საქართველოსთვის წევრი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რუსუდან თევზაძე კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

თევზაძე, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში 6 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამბობს, რომ კულტურის მინისტრმა ბიუჯეტით მანიპულირება დაიწყო და უნივერსიტეტისთვის დაფინანსების გაზრდის პირობად მისი სამსახურიდან გათავისუფლება წამოაყენა.

"თეა წულუკიანმა დაიწყო ბიუჯეტით მანიპულირება და ვაჭრობა. უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის თანამშრომლები ბიუჯეტის ხარჯზე აიყვანა მძევლად და, ფაქტობრივად, შეიქმნა ისეთი ჩიხი, რომ მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, არ დამეზიანებინა უნივერსიტეტი და თანამშრომლები ან ბუნებრივია, იმის სრული უფლება და შესაძლებლობა მქონდა არ დამეტოვებინა უნივერსიტეტი და დავრჩენილიყავი პოზიციაზე, გამეგრძელებინა გარკვეული ტიპის სამართლებრივი ბრძოლა. [...] კრიტიკული კომპეტენციის მქონე ადამიანებს კონკრეტულ საქმიანობაში აიძულებენ, რომ მათი პოლიტიკური პოზიციის და გემოვნების გამო დატოვონ თანამდებობა". – თქვა რუსუდან თევზაძემ.

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის სარჩელი. ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. ამასთან, 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები