საქართველო-უკრაინა

ბოკერია: უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საფასურად, აშშ საქართველოს უკეთეს იარაღს მისცემდა

ევროპული საქართველო, 

"მთელი ეს პროპაგანდა, რომ ვითომ ვიღაცამ თქვა, უსასყიდლოდ გადაეცა და ჩვენ რატომ უნდა გადავცეთ არის დამყარებული სიცრუეზე და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მორიგი მცდელობაა". – ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ 2007 წელს საქართველოს უკრაინისგან ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია და ქვეყანამ ის მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო. ასევე, განცხადებაში წერია, რომ 2017 წელს თავდაცვის უწყებამ ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა აშშ-სგან ჯაველინის ანტისატანკო სისტემების შესყიდვის მიზნით.

ბოკერიას თქმით, 2008 წლის ომის მოახლოების პერიოდში უკრაინამ რუსეთის წნეხის მიუხედავად, საქართველოს საფასურის სანაცვლოდ მიაწოდა საჭირო იარაღი. ასევე, ახლაც, მისი თქმით კარგი ჟესტი იქნებოდა, რომ საქართველოს უკრაინისთვის დაებრუნებინა ეს იარაღი 2017 წელს შეძენილ ამერიკულ ჯაველინებთან ერთად, ხოლო საქართველო განახლებულ იარაღს მიიღებდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

"2008 წელს პრობლემა იყო ნებისმიერი ლეგალური ფორმით იარაღის შესყიდვა საქართველოსვის, იმიტომ, რომ რუსეთი აწარმოებდა წნეხს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა და მათ სამწუხაროდ ჰქონდათ გავლენა ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოზე, რათა შეეზღუდათ საქართველოს შესაზლებლობები. ჩვენთვის, ვისთვისაც აშკარა იყო, რომ რუსეთის აგრესია ახლოვდებოდა, პრინციპულ საკითხი იყო, ვინმეს ჩვენთვის პოლიტიკურ ხელს გაეწოდა და საფასურის სანაცვლოდ მოეცა სერიოზულ იარაღი და ეს გააკეთა უკრაინამ. არც ახლა ითხოვდა არავინ უფასოდ რამის გადაცემას, ოღონდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, უკრაინისთვის გადაცემა ამ იარაღის, რომელიც მას დღეს სჭირდება და ამის საფასურად საქართველო უკეთეს იარაღს მიიღებდა აშშ-სგან". – ამბობს ბოკერია. 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გადაცემასაც. დიპლომატი წერს, რომ ეს უკანასკნელი შეთანხმებული იყო არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ, არსებობდა წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.

კომენტარები