სროლა აშშ-ს სკოლაში

აშშ-ში 6 წლის ბავშვმა მასწავლებელს სკოლაში ესროლა – ის პოლიციამ დააკავა

ამერიკაში, ვირჯინიის შტატში ექვსი წლის ბიჭი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მასწავლებელს ესროლა. 

გაურკვეველია, რა პირობებში მიიღო ბავშვმა ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ პოლიციის უფროსის თქმით, ინციდენტი "შემთხვევითი სროლა" არ ყოფილა. 

30 წლის მასწავლებელმა, რომლის ვინაობას არ ასახელებენ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. მედიის ცნობით, იგი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

პოლიციას ინციდენტის დროს გამოყენებული იარაღის ტიპი ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიჭმა პისტოლეტი გამოიყენა. 

"ეს საშინელებაა, მსგავსი რამ არასოდეს უნდა მოხდეს. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი არაფერი განმეორდება". - თქვა სკოლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სკოლა ორშაბათს დაიხურება და პირობა დადო, რომ მოსწავლეებს და მშობლებს დახმარებას შესთავაზებენ, რათა ტრავმული მოვლენის გადალახვაში დაეხმარონ.

"ჩვენ ვაპირებთ ამისგან ვისწავლოთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით." - ამბობს ინტერვიუში.

კომენტარები