EU-უკრაინა

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ახალ წელს უკრაინასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკა შეინარჩუნონ.

ასევე, მხარეებმა 3 თებერვალს კიევში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტის მოსალოდნელი შედეგები განიხილეს და მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ და ლაიენმა განიხილეს 18 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი მაკროფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც ომის დროს უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად ევროკავშირმა გასულ წელს მიიღო. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იანვარში ამ დახმარების პირველი ტრანშის, ანუ  3 მილიარდი ევროს მიღება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირველი 15 მილიონი LED ნათურა უკრაინას იანვარში მიეწოდება.

გარდა ამისა, ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა განიხილეს 74 დანგრეული უკრაინული სკოლის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის დაფინანსებისთვისაც ევროკავშირმა 100 მილიონი ევრო უკვე გამოყო.

როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში ზელენსკიმ EU-უკრაინის სამიტზე ბრიუსელისგან მიწვევა მიიღო. თუმცა, იმ დროისთვის სამიტის ჩატარების ადგილი განსაზღვრული არ იყო.

კომენტარები