ბენედიქტე XVI

პაპი ბენედიქტეს გარდაცვალების შესახებ – ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსის წერილი

პაპი ბენედიქტე XVI და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო. 2008 წელი.

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს წერილი ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 

ძვირფასო დანო და ძმანო,

ვატიკანიდან ამ ამბის შეტყობის შემდეგ ჩემს გონებაში თავისთავად ამოტივტივდა ის ერთადერთი პირადი შეხვედრა, რაც მერგო წილად პაპ ბენედიქტესთან. ეს მოხდა 2008 წლის 24 აპრილს ად ლიმინა ვიზიტისას. Ad Limina ესაა ვიზიტი, რითაც ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსები ოფიციალურად ჩადიან ხოლმე წმიდა საყდარში პერიოდულად, ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ, სადაც ეპისკოპოსი თავის ეკლესიას წარადგენს საყოველთაო ეკლესიის წინაშე, საუბრობს მის პრობლემებზე და სირთულეებზე, ისევე როგორც მისი ცხოვრების სასიხარულო და დამაიმედებელ მხარეებზე. რამდენიმე დღის მანძილზე ეს ეკლესიაა საყოველთაო ეკლესიის გულის გული. ესაა თანაზიარების უძლიერესი მომენტი. ამ ვიზიტის ბოლო შეხვედრაა წმიდა მამასთან, პაპთან.

მე, მრავალი მორწმუნის მსგავსად, პაპი ბენედიქტე წარმომედგინა დიად, ბრწყინვალე თეოლოგად, მაღალ ინტელექტუალად, რომელთანაც შეგეძლო საუბარი რწმენის საკითხებზე საფუძვლიანად, თუმცა ამავე დროს ცივ, თავშეკავებულ და ინტროვერტულ ადამიანად, "გერმანელად“, ხალხისაგან ოდნავ განზე რომ დგას. მასთან შეხვედრისას მოველოდი ღრმა, თუმცა განყენებულ საუბარს. არადა, ალბათ ამ წინასწარ შექმნილი შეხედულების მიზეზითაც, საუბრიდან გამოვედი სრულებით გაოგნებული. დამხვდა საყვარელი, ყურადღებიანი, გულისყურით მსმენელი მამა. ვიგრძენი, რომ ვიყავი შვილი, შვილი, რომელსაც შეეძლო, წარედგინა კავკასიის მცირე ეკლესიის დიადი განძი, რომელიც მიანდეს მას, როგორც ის უმნიშვნელოვანესი რამ, რის მოსმენასაც პაპი დიდი ხნიდან ელოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პაპი რატცინგერი ტკბილი და სათუთი პიროვნება იქნებოდა. მისი ღიმილი, იმ ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიურ შეხვედრაზე მახსენებდა იმ მწყემსის ღიმილს, რომელიც მხრებზე ისვამს ნაპოვნ ცხვარს, დრაქმის პოვნით გახარებული ქალის ღიმილს, იმ მამის ღიმილს, რომელიც შორიდანვე ამჩნევს მომავალ შვილს. იოლად გასაგები და დასამახსოვრებელი სახარებისეული ღიმილი. ადამიანის ნამდვილი ღიმილი. მან ამ სიტყვებით მიმართა ბოლოს ჩვენს ეკლესიას: „ყოველ თქვენს საქმიანობაში მტკიცედ შეინახეთ ღვთის იმედი. იგია ეკლესიის მაშენებელი და ხალხთა მეგზური, თავისი გონებამიუწვდომელი დახსნის ჩანაფიქრით.

იყავით, როგორც კათოლიკენი, დარწმუნებული მატარებელნი ახალი კულტურისა, რომელიც ყველას ყველასადმი პატივისცემის ქადაგებით, დაეფუძნება მარადიულ სულიერ ფასეულობებს და აღმოაჩენს ღმერთის პრიმატს არსებობაში. ამ შეგნებით გაძლიერებულებმა იმოქმედეთ უყოყმანოდ იმედის გასავრცელებლად და ყოველი ხერხით ხელი შეუწყვეთ ყველას თანამშრომლობას სახარების უწყებაში“. დარჩით თქვენი ხალხის გვერდით და აღმოუჩინეთ მათ კონკრეტული, რწმენის ნუგეშით გაცოცხლებული დახმარება. უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ ახალგაზრდები, რომლებიც ეძებენ ძლიერ მოტივაციებს იმისათვის, რომ თვალი გაუსწორონ ხშირად ბუნდოვან მომავალს.”

არ შემიძლია, არ გავიხსენო პეტრეს მსახურებიდან მისი გადადგომის დღე. ვიყავი არც თუ იოლ შეხვედრაზე, როცა დამირეკეს. მაშინვე ნერვები ამეშალა, ვინაიდან სულაც არ მქონდა ხუმრობის დრო. არადა, მართალი გამოდგა! მივხვდი, რომ სწორედ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო აღამაღლებდა მას, როგორც ეკლესიურ ფიგურას. მოსწყდე სავარძელს, ძალაუფლებისა და ხელისუფლების ადგილს, რათა კიდევ უფრო მეტად შეიყვარო! ეს ძალზე ძნელი რამაა! გადადგომით მან გააადამიანურა სამღვდლო, საეპისკოპოსო და პაპის მსახურება.

მავანს გაუჭირდა ამის გაგება! გვერდით მონასტერში გადგომა იქცა მის ჩუმ მსახურებად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, მის მემკვიდრესთან, პაპ ფრანცისკესთან სრულ თანაზიარებაში. მავანი ეცადა მის გამოყენებას დაძაბულობების შესაქმნელად. პაპი ბენედიქტე ძალზე დიდი იყო იმისათვის, რომ მათ აჰყოლოდა, ვინაიდან ის "უფლის ვენახის მდაბალი მუშაკი“ იყო. რაოდენი რამ გვაქვს მისგან სასწავლი!

საყვარელნო,

ვილოცოთ მისთვის, რათა კვლავაც დაგვლოცოს და შეგვეწიოს უწყვეტად. ვთხოვ ყოველ მღვდელმსახურს, დაგეგმოს საგანგებო წმიდა წირვა თავის მორწმუნეებთან ერთად, როდესაც ეს მისთვის იქნება შესაფერისი და ილოცოს პაპი ბენედიქტესათვის, მადლი შესწიროს ღმერთს მისთვის და მოკლედ წარმოადგინოს მორწმუნეებისათვის ამ დიდი მწყემსის ფიგურა.

უფალმა მიიღოს იგი ულევ სიყვარულში!

კომენტარები