ბენედიქტე XVI

Vere Papa mortuus est

ბენედიქტე XVI

Vere Papa mortuus est

ტაბულას მთავარი რედაქტორის წერილი ემირიტუსი პაპის გარდაცვალების შესახებ

ემირიტუსი პაპი – ამ ტიტულს ატარებდა ბენედიქტე XVI მას მერე, რაც ყველასათვის მოულოდნელად, კარდინალებს ლათინურ ენაზე გამოუცხადა, რომ წმიდა პეტრეს კათედრას ტოვებდა, გონებისა და სხეულის ძალთა განლევის გამო. 

2013 წლის იმ თებერვალს ტაბულა ჟურნალიდან ტელევიზიად ქცევისთვის ემზადებოდა და ამ გარემოების გამო მეტყველების გაკვეთილზე ვიჯექი, როცა შეხვედრების ოთახი შემოაღეს და დაიყვირეს – "მნათე, პაპი გადადგა!".

რა სისულელეა, მატყუებ-მეთქი, მივაძახე. პასუხად რომ მომიბრუნდა, "არა, ბიჭო, მართლა გადადგაო", მე უკვე გიჟივით ვეძებდი ინფორმაციას და თან ხმამაღლა ვყვიროდი – "არა, არ ვენდობი გარდიანს, დადოს ჯერ ვატიკანმა!".

თავის გადაზღვევა ღირდა, რადგან Google მეუბნებოდა, რომ უკანასკნელად პაპი 600 წლის წინ გადადგა.

შემდეგ ყველაფერი დადასტურდა და არავინ იცოდა, ეს რას ნიშნავდა. 

მოგვიანებით გავიგეთ, რომ გადადგომა მუშაობს და არაფერს აზიანებს, თუ გადამდგარი პაპი მემკვიდრეს მორჩილებას გამოუცხადებს და დადუმდება, მაშინაც კი, თუ ახალი პაპის მთელი მმართველობა უთქმელად წარმოადგენს მისი პონტიფიკატის კრიტიკას. 

პაპი ბენედიქტე გახლდათ კათოლიკე ეკლესიისა და სრულიად საქრისტიანოს დიდი ინტელექტუალი და მასწავლებელი. შესაძლოა ის, ვისაც მომავალში უწოდებენ – Doctor Ecclesiae Universalis.

ფრანცისკეზე იტყვიან ხოლმე, მილიარდიან ეკლესიას ისე მწყემსავს, როგორც სოფლის მოძღვარიო და ამით მის უბრალოებას უსვამენ ხაზს. 

თუ ამ შედარებებში დავრჩებით, ბენედიქტემ მთელი ეკლესია ალბათ ისე მწყემსა, როგორც საუნივერსიტეტო აუდიტორია. 

ის იყო მისი თაობის მღვდელმთავართა უკანასკნელი წარმომადგენელიც. 2013 წლის შემდეგ ფრანცისკე პაპობდა, ბენედიქტე კი კათოლიკური ოჯახის პატრიარქად გვევლინებოდა. და რადგან მან, იოსეფ რატცინგერმა, პაპად არჩევისას სწორედ ევროპის მფარველი წმინდანის, ბენედიქტეს სახელი აიღო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო ეთხოვება არა მხოლოდ ემირიტუს პაპს, არამედ დასავლეთის პატრიარქსაც.

Requiem aeternam dona ei, Domine

კომენტარები