სომხეთი-რუსეთი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

არმენ გრიგორიანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი ამბობს, რომ რუსეთი სომხეთს აიძულებს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანს დერეფანი დაუთმოს და რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გააწევრიანოს. 

გრიგორიანის თქმით, 13 სექტემბრის დაძაბულობა ერევანსა და ბაქოს შორის, როცა აზერბაიჯანის ძალები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შევიდნენ, ასევე სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის დახურვა რუსეთის ზეწოლის ნაწილია. 

ამას გარდა, გრიგორიანი გამოეხმაურა ბელარუსის ელჩის სიტყვებს, რომ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში მესამე ქვეყანა აკლიათ. ელჩის თქმით, ის "სომეხი ძმების რეაქციას" დააკვირდა და მისივე თქმით, მათ მას მხარი დაუჭირეს. 

გრიგორიანის თქმით, გასარკვევია თუ ვის გულისხმობდა ბელარუსის ელჩი "სომეხ ძმებში" და ვარაუდობს, რომ ესენი შეიძლება ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ. 

გრიგორიანის თქმით, სომხეთი სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩენას განაგრძობს. მისივე თქმით, სამოკავშირეო სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევაა, რადგან აქ, პირველ რიგში "სწორედ სუვერენიტეტის ლიკვიდაცია ხდება".

"მჯერა, რომ სომხეთში დემოკრატიული პროცესი ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობასაც კი ცალსახად შეზღუდავს". – თქვა გრიგორიანმა.

გრიგორიანის თქმით, სამოკავშირეო სახელმწიფოდან სომხეთზე ზეწოლა არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მსგავსი სახის ზეწოლა არ ამართლებს, სომხეთზე სამხედრო ზეწოლა იზრდება ხოლმე.

"რაც შეეხება სამოკავშირეო სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, აქედან სომხეთზე ზეწოლა მოდის. და ყოველ ჯერზე, როცა სომხეთის დემოკრატია და დემოკრატიული სისტემა ამას ეწინააღმდეგება, ვიღებთ სხვა სახის ზეწოლას, სამხედრო ძალის სახით". – თქვა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

კომენტარები