ალექსეი ნავალნი

ხერხემლის პრობლემის გასამწვავებლად ცდილობენ, უმოძრაო მდგომარეობაში მამყოფონ – ნავალნი

ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თქმით, მისი პატიმრობა ხელისუფლების მიზანმიმართული, სტრატეგიული ნაბიჯია, რისი მიზანიც მისი ჯანმრთელობის შერყევაა. როგორც ნავალნი ამბობს, კარცერში მისი ზურგის ტკივილი უფრო და უფრო უარესდება. ამასთან, Twitter-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინიექციის საშუალებით მის სხეულში უცნობი მედიკამენტები შეჰყავთ.

“ნახეთ, როგორ მუშაობს სისტემა, როცა ადამიანის ცემის უფლება არ გაქვს, მაგრამ ხელმძღვანელობა მისთვის რაიმე ფორმით ზიანის მიყენებას გიბრძანებს. მაგალითისთვის, მე ხერხემლის პრობლემები მაქვს. ცხადზე ცხადია, რა უნდა გააკეთონ, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავონ. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება უმოძრაო მდგომარეობაში მამყოფონ. თუ ადამიანს საკანში გამოკეტავ, სადაც მას 16 საათის განმავლობაში ფეხზე დგომა ან რკინის სკამზე ჯდომა მოუწევს, აქ გატარებული ერთი თვის შემდეგ, ჯანმრთელ კაცსაც კი დაეწყება ზურგის ტკივილები. უკვე სამი თვეა, ამ მდგომარეობაში ვარ. ბუნებრივია, ზურგი ძალიან მტკივა”. - ამბობს ნავალნი, რომელსაც სოციალურ მედიაზე წვდომა მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით აქვს. 

ნავალნის თქმით, ექიმებს ვიზიტის თვენახევრიანი მოთხოვნის შემდეგ შეხვდა. თუმცა, მისივე ცნობით, ექიმმა მხოლოდ ხუთი წუთით გასინჯა, არც დიაგნოზი გაუმხილა და არც იმ მედიკამენტების დასახელება, რომლებიც დაუნიშნა. ამის შემდეგ დაიწყეს ნავალნისთვის ნემსების გაკეთება, რომლებიც, მისივე თქმით, მდგომარეობას არ უმსუბუქებს. 

Reuters საკითხზე მოსკოვის ფედერალური ციხის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.

ალექსეი ნავალნი პროკოვის კოლონიაში "ივ როშეს" საქმეზე იხდიდა სასჯელს. მას 2021 წლის 2 თებერვალს სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

კომენტარები