დონალდ ტრამპი

6 იანვრის კომიტეტის რეკომენდაციით, ტრამპს თანამდებობის დაკავება უნდა აეკრძალოს

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებულმა სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ჩამოაყალიბა და 7 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელისგან შედგება, გამოაქვეყნა ამ მოვლენებთან დაკავშირებული 845-გვერდიანი საბოლოო ანგარიში.

კომიტეტის ანგარიში რიგ რეკომენდაციებთან ერთად, გასცემს რჩევას, რომ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ფედერალური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოს. 

ხაზგასმულია აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი, ვინც კონსტიტუციის დაცვის ფიცი დადო და შემდეგ აჯანყებაში ან ამბოხში მონაწილეობა მიიღო, შესაძლოა თანამდებობის დაკავება აუკრძალონ.

"კონგრესის სასამართლოს კომიტეტებმა უნდა შექმნან ფორმალური მექანიზმი, რომელიც შეაფასებს, ამ ანგარიშით იდენტიფიცირებულ პირებს მე-14 შესწორების მე-3 ნაწილის შესაბამისად შეეზღუდებათ თუ არა მომავალში ფედერალური ან სახელმწიფო თანამდებობის დაკავება". – წერია ანგარიშში.

აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 ნაწილი:

არავინ შეიძლება იყოს სენატორი ან წარმომადგენელი, ან პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ამომრჩეველი, ან ეკავოს შეერთებულ შტატებში ან რომელიმე შტატში რაიმე სამოქალაქო ან სამხედრო თანამდებობა, ვინც დადებს წინასწარ ფიცს, როგორც კონგრესის წევრი, ან როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო თანამდებობის პირი, ან როგორც რომელიმე შტატის საკანონმდებლო დაწესებულების წევრი, ან როგორც რომელიმე შტატის აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ დაიცავს შეერთებული შტატების კონსტიტუციას, და შემდგომში მონაწილეობას მიიღებს აჯანყებაში ან ამბოხში შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ან დახმარებას აღმოუჩენს ან შეიფარებს მის მტრებს, ხოლო კონგრესს შეუძლია თითოეული პალატის წევრთა ხმების ორი მესამედის უპირატესობით გააუქმოს ეს აკრძალვა.

ანგარიშის შეფასებით, 6 იანვრის მოვლენების უკან იდგა ერთი ადამიანი, რომელიც დონალდ ტრამპია.

"ამ მტკიცებულებამ მიგვიყვანა ძირითად და პირდაპირ დასკვნამდე: 6 იანვრის მთავარი მიზეზი იყო ერთი კაცი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც ბევრი სხვა აჰყვა. 6 იანვრის მოვლენები მის გარეშე არ მოხდებოდა". – წერია ანგარიშში.

დონალდ ტრამპი ანგარიშს საკუთარ სოციალურ მედიაზე გამოეხმაურა, გააკრიტიკა და "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა. 

ანგარიშის მიხედვით, კაპიტოლიუმში მომხდარმა ამბოხებამ "ამერიკელი დეპუტატების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა" და დემოკრატიას საფრთხე შეუქმნა.

2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ტრამპი ამბობდა, რომ არჩევნების შედეგი გაყალბებული იყო. მოვლენების დროს 5 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები