სახალხო დამცველი

მდინარაძე: ოპოზიცია შერჩეულ 5 კანდიდატზე უარს ამბობს, ამიტომ, ხვალ ვერ ავირჩევთ ომბუდსმენს

ქართული ოცნება

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის წარდგენილი 5 კანდიდატიდან არცერთს უჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, მდინარაძე ამბობს, რომ "ბუნებრივია, ხვალ ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ, საგაზაფხულო სესიაზე მაინც, რამენაირად შევძლოთ, რომ საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ". ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმითვე, იგივე შედეგია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით.

"როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში ხდება, რომ მაინცდამაინც ორ კანდიდატზე არიან ჩამოყალიბებული და იმის იქით არავის მხარდაჭერას არ აპირებენ, აქაც ირკვევა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გარდა, ისინი არ აპირებენ სხვაზე საუბარს, 5-6 კანდიდატია, რომელზეც საუბრობენ, იქაც იგივე გვარები მეორდება - აბაშიძე, ბურჯანაძე და ა.შ. რამდენიმე ფავორიტი ჰყავთ და აპირებენ, მათ დაუჭირონ მხარი" - განაცხადა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმია.

"საგაზაფხულო სესიისთვის შევეცდებით, ეს ხარვეზი აღმოვფხვრათ. საბედნიეროდ, ევრორეკომენდაციის შესრულებაზე გადაწყვეტილება, მისი ბოლო ვადა წელს არ არის. გაისად წლის ბოლოს იქნება ეს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ გვრჩება საშუალება, ამ საკითხებზე ინტენსიური მუშაობით შევთანხმდეთ საგაზაფხულო სესიაზე" - ამბობს მდინარაძე.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, 22 დეკემბერს "ფორმალური კენჭისყრები" ჩატარდება.

"ოპოზიციის მიზანია, რეკომენდაცია ჩავარდეს და დაბრალდეს ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ხვალ ფორმალური კენჭისყრები ჩატარდება. იკვეთება, რომ არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას არანაირი პრაქტიკული აზრი არ აქვს, არც თეორიული, მათ შორის, რადგან ჩვენ არ გვაქვს 90 ხმა და ოპოზიციისგან – მზაობა. ოპოზიციის წარმომადგენლებისგან იმდენი ადამიანი არ ემატება რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერთა სიას, რომ აზრი ჰქონდეს საერთოდ კენჭისყრის ჩატარებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები შესთავაზეს. მათ მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. ჯამში პარლამენტში ომბუდსმენობის 19 მსურველის განაცხადი შევიდა, საბოლოოდ პარლამენტს რვა მათგანზე (ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია) უნდა ემსჯელა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევა მხოლოდ 5 კანდიდატიდან შესთავაზა, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძეა და არც ანა აბაშიძე. მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს მომავალი ომბუდსმენი ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის შეარჩიოს.

კომენტარები