საბერძნეთი-თურქეთი

ერდოღანი: თუ საბერძნეთი პროვოკაციებს განაგრძობს, ერთ ღამეს შესაძლოა მოულოდნელად მივიდეთ

Adem Altan/AFP/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა

"კვლავ რაღაც სიგიჟეები ჩაიდინეს ეგეოსში. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო". - თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანმა ამის შესახებ ისაუბრა მას შემდეგ, რაც ბერძნულმა თვითმფრინავებმა NATO-ს სასწავლო მისიაში, რომელიც ეგეოსის ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მიმდინარეობდა, ჩარევა სცადეს. 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბერძნულმა თვითმფრინავებმა მისიის დაბლოკვა სცადეს, ხოლო მათ თურქეთის საჰაერო ძალებმა შესაბამისად უპასუხეს. 

"თუკი საბერძნეთი მოქმედებას განაგრძობს, ერთ ღამეს, შესაძლოა, მოულოდნელად მივიდეთ". - თქვა ერდოღანმა. 

ბოლო თვეებში თურქეთსა და საბერძნეთს შორის ეგეოსის ზღვის გარშემო ურთიერთობა დაიძაბა. 

ივნისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ათენი გააფრთხილა, რომ ეგეოსის ზღვის დასავლეთით მდებარე კუნძულების მილიტარიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. ამას გარდა, ივნისში ის შეეხო ბრალდებასაც, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა დაბლოკა.

ჩავუშოღლუს თქმით, საბერძნეთს აღმოსავლეთ ეგეოსის, რომელიც ათენსა და ანკარას შორის დავის ერთ-ერთი მიზეზია, გადაეცა 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებისა და 1947 წლის პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, იმ პირობით, რომ კუნძულები დემილიტარიზებული დარჩებოდა.

ჩავუშოღლუს გაფრთხილებას მალე მოჰყვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მუქარაც. 9 ივნისს ერდოღანმა საბერძნეთს ეგეოსის ზღვის კუნძულების დემილიტარიზაციისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ეს ნათქვამი "სერიოზული" იყო და "არ ხუმრობდა".

3 სექტემბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი კვლავ დაადანაშაულა ეგეოსის კუნძულების მილიტარიზაციასა და ამჯერად "ოკუპაციაშიც". ერდოღანი ათენს კვლავ დაემუქრა და თქვა, რომ მზადაა გააკეთოს "ის, რაც საჭიროა", "როცა დრო მოვა".

ერდოღანის სიტყვები ათენმა NATO-სა და გაეროს წარმომადგენლებთან გააკრიტიკეს.

კომენტარები