საბერძნეთი-თურქეთი

თურქეთი: საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვა ავრცელებს

თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, კუნძულ ბოზჯაადას სამხრეთ-დასავლეთით, 11 საზღვაო მილზე მომხდარ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. განცხადებაში წერია ისიც, რომ ბერძნული სანაპირო დაცვის ორი გემის მიერ გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შემდეგ, თურქული ხომალდები ადგილისკენ დაიძრნენ, თუმცა ბერძნულმა გემებმა ტერიტორია სწრაფადვე დატოვეს. 

AP-მა ანკარაში საბერძნეთის საელჩოსთან დაკავშირება სცადა, თუმცა საელჩო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიუღებელი კომენტარების მიუხედავად, ათენი ანკარასთან ურთიერთობის შენარჩუნებას შეეცდება. ამის შესახებ ბერძენმა მაღალჩინოსანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

აქამდე, საბერძნეთმა NATO-სა და გაეროს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პროვოკაციული განცხადებების გამო ოფიციალური წერილით მიმართა და ანკარის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა

ათენამდე გაეროსა და NATO-ს წერილით თურქეთმა მიმართა, რომელშიც, ბერძენი დიპლომატების ცნობით, ანკარა უსაფუძვლო არგუმენტებით რეალობას ამახინჯებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს. 

"თურქეთის დამოკიდებულება NATO-ს დესტაბილიზებისა და ერთიანობის რღვევის ფაქტორია, რომელიც ალიანსის სამხრეთ ფლანგს კრიზისის მომენტში ასუსტებს". - წერს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს ნენდიასი NATO-ს გენერალური მდივნისთვის, იენს სტოლტენბერგისთვის განკუთვნილ წერილში.

3 სექტემბერს ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვის კუნძულების, რომელთაც დემილიტარიზებულის სტატუსი აქვთ, შეიარაღებასა და ოკუპაციაში დაადანაშაულა. ერდოღანის სიტყვებით, თურქეთი მზადაა გააკეთოს ის, რაც საჭიროა, როდესაც ამის დრო მოვა. 

"როცა დრო მოვა, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. როგორც იტყვიან ხოლმე, ერთ ღამეს შესაძლოა მოულოდნელად ჩამოვიდეთ. შეხედეთ ისტორიას, თუ კიდევ უფრო შორს წახვალთ, მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ.

და ბოლოს, ჩვენ საბერძნეთისთვის ერთი წინადადება გვაქვს: ნუ დაივიწყებთ იზმირს". - თქვა ერდოღანმა 

1922 წელს ოსმალეთის არმია საბერძნეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იზმირში შევიდა და ბერძნული ძალები გაანადგურა. აფეთქებებმა ქალაქი მთლიანად გადაწვა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით მსხვერპლის რაოდენობა 60-დან 260 ათასამდე მერყეობს. 

რამდენიმე კვირის წინ, ანკარამ საბერძნეთი დემილიტარიზებული ეგეოსის კუნძულების ხელახლა შეიარაღებაშიც დაადანაშაულა, რასაც ათენი უარყოფს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ათენი გააფრთხილა, რომ ეგეოსის ზღვის დასავლეთით მდებარე კუნძულების მილიტარიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ჩავუშოღლუს თქმით, საბერძნეთს აღმოსავლეთ ეგეოსის, რომელიც ათენსა და ანკარას შორის დავის ერთ-ერთი მიზეზია, გადაეცა 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებისა და 1947 წლის პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, იმ პირობით, რომ კუნძულები დემილიტარიზებული დარჩებოდა.

ასევე, ჩავუშოღლუ შეეხო თურქეთის ბრალდებასაც, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა დაბლოკა. ჩავუშოღლუს თქმით, ეს ნაბიჯი NATO-ს ალიანსის ერთიანობასთან წინააღმდეგობაშია. 

ამის საპასუხოდ, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა თქვა, რომ თურქეთის პოზიცია კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენების შესახებ, სრული აბსურდია. ხოლო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ათენი ანკარის პროვოკაციული განცხადებების შინაარსს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად განიხილავს. 

მაისში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ის აღარასდროს დათანხმდებოდა საბერძნეთის პრემიერმინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრას და დაამატა, რომ ის მისთვის "აღარ არსებობს".

კომენტარები