საბერძნეთი-თურქეთი

ერდოღანი: საბერძნეთს ეგეოსის მილიტარიზაციის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, არ ვხუმრობ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი იზმირში, სამხედრო წვრთნებზე, 2022 წლის 9 ივნისი
AP News

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს ეგეოსის კუნძულების დემილიტარიზაციისკენ მოუწოდებს და იმუქრება.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საბერძნეთს, შეწყვიტოს არამილიტარული სტატუსი მქონე [ეგეოსის] კუნძულების მილიტარიზაცია და იმოქმედოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად... არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ". – თქვა ერდოღანმა ეგეოსის ზღვის პირას მყოფ იზმირში სამხედრო წვრთნების გახსნის ღონისძიებაზე. 

ერდოღანის თქმით, თურქეთი ეგეოსის ზღვაში საკუთარ უფლებებს არ დათმობს.

"თურქეთი ეგეოსის ზღვაზე საკუთარ უფლებებს არ დათმობს და არ დააყოვნებს საკუთარი ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარეობს". – აღნიშნა ერდოღანმა. 

ერდოღანი ათენს აფრთხილებს, რომ უარი თქვან "ოცნებებსა და ქმედებებზე, რომლებიც ისეთ სავალალო შედეგებს გამოიტანს, როგორიც საუკუნის წინ მოხდა", რაშიც მან იგულისხმა 1919-1923 წლის თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის, როდესაც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან საბერძნეთის ძალები განდევნეს. ერდოღანი საბერძნეთს "გონზე მოსვლისკენ" მოუწოდებს. 

"თურქეთი არავის უფლებებსა და კანონებს არ არღვევს, თუმცა არც სხვას მისცემს საკუთარი უფლებებისა და კანონების დარღვევის ნებას". – დაამატა ერდოღანმა. 

გასულ დღეებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ათენი გააფრთხილა, რომ ეგეოსის ზღვის დასავლეთით მდებარე კუნძულების მილიტარიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ჩავუშოღლუს თქმით, საბერძნეთს აღმოსავლეთ ეგეოსის, რომელიც ათენსა და ანკარას შორის დავის ერთ-ერთი მიზეზია, გადაეცა 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებისა და  1947 წლის პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, იმ პირობით, რომ კუნძულები დემილიტარიზებული დარჩებოდა.

ამას გარდა, ჩავუშოღლუ შეეხო თურქეთის ბრალდებასაც, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა დაბლოკა. ჩავუშოღლუს თქმით, ეს ნაბიჯი NATO-ს ალიანსის ერთიანობასთან წინააღმდეგობაშია. 

გასულ თვეში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ის აღარასდროს დათანხმდებოდა საბერძნეთის პრემიერმინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრას და დაამატა, რომ ის მისთვის "აღარ არსებობს".

კომენტარები