ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეამ, შესაძლოა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობები გააფართოვოს

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, მყარი საწვავის სარაკეტო ძრავა წარმატებით გამოცადეს. ეს ფაქტი კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის (ICBM) გასროლას დააჩქარებს.

ახალი, მაღალი ბიძგის სარაკეტო ძრავა ხუთშაბათს გამოცადეს. ინფორმაციას კორეის სახელმწიფო ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) ავრცელებს. 

სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი გამოცდას ესწრებოდა, რომელიც KCNA-ს თქმით, “კიდევ ერთი, ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღის განვითარების გარანტიაა”. 

ექსპერტების თქმით, ძრავის განვითარება მნიშვნელოვანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ახალი სარაკეტო ძრავა წარმატებით ინტეგრირდება ICBM-თან.

„თუ ჩრდილოეთ კორეის მაღალი ბიძგების მყარი საწვავის ძრავის სახმელეთო გამოცდა ისეთივე წარმატებულია, როგორც ისინი აცხადებენ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ატომური რაკეტების განვითარებისთვის.” - თქვა ევჰას უნივერსიტეტის პროფესორმა, ლეიფ-ერიკ ისლიმ. 

ანალიტიკოსების განმარტებით, მყარი საწვავის რაკეტები უფრო სტაბილურია, ვიდრე თხევადი საწვავის რაკეტები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ ადრე გამოცადა. ეს ნიშნავს, რომ მყარი საწვავით მომუშავე ICBM შეიძლება უფრო ადვილად  და სწრაფად გადაადგილდეს.

„როგორც კი განთავსდება, ტექნოლოგია ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ძალებს უფრო მრავალმხრივს, ბრძოლისუნარიანს და საშიშს გახდის“, - თქვა იზლიმ.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად წარმატებული გამოცდისა, მყარი საწვავის ICBM-ის განსათავსებლად მომავალში ბევრი დაბრკოლება შეიქმნება.

„მყარი საწვავის ძრავის სახმელეთო ტესტიდან ოპერატიულ, ზუსტ და საიმედო რაკეტებამდე გადასვლა ბევრ ტექნიკურ დაბრკოლებას მოიცავს. ჩრდილოეთ კორეის მედიამ შესაძლოა გააზვიადოს ქვეყნის იარაღის შესაძლებლობები და განლაგების ვადები“, - თქვა იზლიმ.

CNN-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა თავის ბალისტიკურ რაკეტებს რეკორდული ტემპით ამოწმებს. 

კომენტარები