ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"დიდი პატივი იყო მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიღება ჩვენი ჯგუფის შეხვედრაზე. როგორც ყოფილი პრეზიდენტის შვილი და ადვოკატი ადასტურებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სააკაშვილი. #გადაარჩინემიშა". – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისი სასჯელის გადავადებას ან მის სრულ გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.
ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხდარიყო.
"ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია". - წერია დასკვნაში.





