ირანი

ევროკავშირი ირანის რევოლუციის გვარდიის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ევროკავშირი ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებს დააწესებს.

"ეს სანქციების პაკეტი განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვინც უდანაშაულო ადამიანების სიკვდილით დასჯასა და ძალადობაზეა პასუხისმგებელი". - აღნიშნა ბერბოკმა.

ირანში საპროტესტო გამოსვლები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს და დაწვეს. სექტემბრიდან საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება, დაღუპულია ასობით ადამიანი. 

საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე აშშ-მ სანქციები დაუწესა მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიმდინარე პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელი. 

უწყვეტი აქციების ფონზე ირანის გენერალურმა პროკურორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში "მორალის პოლიცია" უქმდება. თუმცა, გაურკვეველია, ეს სისტემა შეიქმნება თუ არა ისევ, ოღონდ სხვა სახელითა და განსხვავებული კონტექსტით.

კომენტარები