დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

სამეფო ოჯახი კონფიდენციალურობის გამო არ დაგვიტოვებია – ჰარი და მეგანი კრიტიკას პასუხობენ

დიდი ბრიტანეთის პრინცმა და მისმა ცოლმა, მეგანმა მათი ცხოვრების შესახებ ახლად გამოსული დოკუმენტური ფილმის კრიტიკას უპასუხეს. მათი წარმომადგენლის განმარტებით, წყვილს  კონფიდენციალურობა სამეფო ოჯახის დატოვების მიზეზად არასდროს დაუსახელებია.

"ჰერცოგსა და ჰერცოგინიას არასოდეს დაუსახელებიათ კონფიდენციალურობა უკან დახევის მიზეზად. ეს დამახინჯებული ნარატივი მიზნად ისახავდა წყვილი გააჩუმოს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც BBC-იმ გაავრცელა

დოკუმენტური ფილმის პირველ სამ ეპიზოდში წყვილმა - სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ - რამდენიმე ახალი დეტალი გაასაჯაროვეს: მეგანმა გაიხსენა, როგორ მიიღო სასიკვდილო მუქარა პირველად, ჰარიმ კი გაამხილა, რომ პირველ პაემანზე წასვლა გადაცმულს მოუწია. ფილმში ასევე შევხვდებით არჩის მანამდე გაუსაჯაროებელ კადრებს. 

ბრიტანული საზოგადოების კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი მეგანის დედოფალთან შეხვედრის იმიტაცია იყო, რომლის დროსაც, მაყურებელთა ნაწილის აზრით, მეგანი სამეფო ოჯახის ტრადიციებს შეურაცხყოფდა. 

2020 წელს გავრცელებულ განცხადებაში, რითაც  წყვილმა სამეფო ოჯახის დატოვების შესახებ აცნო საზოგადოებას, გადაწყვეტილების მიზეზი დასახელებული არ არის.

თუმცა გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახმა პაპარაცს უჩივლა. ჰარიმ კი მრავალჯერ აღნიშნა, რომ ბრიტანული ტაბლოიდების მხრიდან მეგანის "ჩაგვრა" ჰგავდა მათ დამოკიდებულებას პრინცესა დაინასადმი, რომელიც 1997 წელს პაპარაცებისგან გაქცევისას საავტომობილო ავარიაში დაიღუპა. 

კომენტარები