ირანი

ხამენეის და: ვეწინააღმდეგები ჩემი ძმის ქმედებებს, გუშაგებმა იარაღი უნდა დაყარონ

მარცხნივ - აიათოლა ალი ხამეინის და, ბადრი ჰოსეინი ხამენეი, მარჯვნივ - აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და, ბადრი ჰოსეინი ხამენეი საკუთარი ძმის პოლიტიკას გმობს და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. აიათოლას დის წერილი მისმა საფრანგეთში მცხოვრებმა შვილმა, მაჰმუდ მორადხანიმ საკუთარ Twitter-ზე გაავრცელა. 

"ვფიქრობ, ახლა მიზანშეწონილია გამოვაცხადო, რომ ჩემი ძმის ქმედებებს ვეწინააღდეგები და თანაგრძნობას გამოვხატავ ყველა დედის მიმართ, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის დანაშაულებს გლოვობენ, ხომეინის დროიდან ალი ხამენეის ამჟამინდელი დესპოტური ხალიფატის ეპოქამდე". – წერს წერილში აიათოლას და. 

ამას გარდა, ბადრი ჰოსეინი ხამენეიმ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

"ალი ხამენეის რევოლუციის გუშაგებმა და მოქირავნეებმა იარაღი უნდა დაყარონ, რაც შეიძლება მალე და შეუერთდნენ ხალხს, სანამ გვიანი არაა". – წერს ხამენეის და.

სამშაბათს, 7 დეკემბერს IRGC-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იურიდიულ სისტემას მოუწოდა, რომ "მეამბოხეებისა" და "ტერორისტების" წინააღმდეგ მოწყალება არ გამოეჩინათ. ეს სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა დემოსნტრაციების დარბევაზე უკან დახევას არ აპირებს.

ირანში საპროტესტო გამოსვლები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს და დაწვეს. სექტემბრიდან საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება, დაღუპულია ასობით ადამიანი. 

საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე აშშ-მ სანქციები დაუწესა მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიმდინარე პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელი. 

უწყვეტი აქციების ფონზე ირანის გენერალურმა პროკურორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში "მორალის პოლიცია" უქმდება. თუმცა, გაურკვეველია, ეს სისტემა შეიქმნება თუ არა ისევ, ოღონდ სხვა სახელითა და განსხვავებული კონტექსტით.

კომენტარები