ირანი

აიათოლა ალი ხამენეი ირანის კულტურული სისტემის გადახედვისკენ მოუწოდებს

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ "ქვეყნის კულტურული სისტემის რევოლუციური რეკონსტრუქციის" აუცილებლობაზე ისაუბრა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების ფონზე ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება. 

"აუცილებელია ქვეყნის კულტურული სტრუქტურის ცვლილება. უმაღლესი საბჭო კულტურის სხვადასხვა სფეროში არსებულ სისუსტეებს უნდა დააკვირდეს." - თქვა ხამენეიმ კულტურის სახელმწიფო საბჭოსთან შეხვედრისას.

ირანში საპროტესტო გამოსვლები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს და დაწვეს. სექტემბრიდან საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება, დაღუპულია ასობით ადამიანი. 

საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე აშშ-მ სანქციები დაუწესა მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიმდინარე პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელი. 

უწყვეტი აქციების ფონზე ირანის გენერალურმა პროკურორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში "მორალის პოლიცია" უქმდება. თუმცა, გაურკვეველია, ეს სისტემა შეიქმნება თუ არა ისევ, ოღონდ სხვა სახელითა და განსხვავებული კონტექსტით.

კომენტარები