საქართველოს ეკონომიკა

პრემიერი: ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ, ისინი 20%-ს გადაიხდიან

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე ბიზნეს სექტორში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი გაუქმდება და მოგების გადასახადის არსებული სისტემა შენარჩუნდება.

“საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგ გადაწყვეტილება: აღარ გადადიან ბანკები ესტონურ მოდელზე , მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში”. - თქვა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, იმ პირობებში, რომ წლის ბოლოს ბანკებს 2 მილიარდამდე შემოსავალი აქვთ, გაუმართლებელია ესტონური მოდელის დანერგვა.

ამასთან, პრემიერის ინიციატივით, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 15%-ის ნაცვლად იქნება 20%. ამით, პრემიერმინისტრის განმარტებით, მთავრობა 2024 წლიდან დამატებით შემოსავლების მიღებას გეგმავს.

2016 წელს პარლამენტმა მიიღო „ესტონური მოდელის“ შემოღების რეფორმა, ხოლო 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო მისი განხორციელება.

ესტონური მოდელის დანერგვის მიზანი ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარება იყო. ამ მოდელით კომპანია იბეგრება მხოლოდ მაშინ, თუ ეს მოგება კომპანიიდან გადის. თუ ეს მოგება კომპანიაშივე რჩება, მაშინ კომპანია ამ თანხაზე მოგების გადასახადს არ იხდის. ამით მთავრობა კომპანიას ახალისებს, რომ თანხა, რომლის აკუმულირებაც მან მოახერხა, უნდა დარჩეს კომპანიაში, რათა ბიზნესი გაფართოვდეს.

კომენტარები