ირანი

ორთვენახევრიანი პროტესტის შემდეგ ირანი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს განიხილავს

 ATTA KENARE / AFP/File

ირანის გენერალური პროკურორის ცნობით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავს კანონს, რომელიც ქალებს თავის დაფარვას ავალდებულებს. ორთვენახევრიანი პროტესტის დაწყების მიზეზი სწორედ ამ კანონით დაკავებული ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებაა.

დემონსტრანტები წვავდნენ თავსაბურავებს და სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. ამინის გარდაცვალების შემდეგ ირანში ქალების დიდი რაოდენობა აღარ იცავს ჰიჯაბის ტარების წესებს. ეს ტენდენცია განსაკუთრების თეირანის ჩრდილოეთით შეინიშნება.

ირანში ჰიჯაბის ტარება სავალდებულო ყველა ქალისთვის 1983 წლის აპრილში გახდა - 1979 წლის რევოლუციიდან ოთხი წლის შემდეგ. 

მას შემდეგ, რაც ჰიჯაბის კანონი სავალდებულო გახდა, ტანსაცმლის ნორმების შეცვლასთან ერთად ჩვეულებრივი გახდა ქალების ჯინსებითა და თავისუფალი, ფერადი თავსაბურავებით ხილვა. თუმცა მიმდინარე წლის ივლისში ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ "ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თავსაბურავის კანონის აღსრულებისთვის" მობილიზაციისკენ მოუწოდა. 

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის გენერალმა ამ კვირაში, პირველად განაცხადა, რომ ამინის გარდაცვალების შემდეგ არეულობებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

ოსლოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ირანში ადამიანის უფლებები კი იუწყება, რომ "უსაფრთხოების ძალების მიერ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს" სულ მცირე 448 ადამიანი მოკლული. გაეროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დარბევისას დააკავეს 14 000 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ირანი დასავლეთის ქვეყნებს არეულობის ორკესტრირებასა და ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში სეპარატისტული ჯგუფების სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს.

მაჰსა ამინი სექტემბერში მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები