საქართველო-აშშ

შაჰინი: საქართველოს მთავრობის მხრიდან უკუსვლას ვხედავთ, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავუჭიროთ მხარი

ჯინ შაჰინი

აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკუსვლა აქვს დემოკრატიულობის კუთხით.

"უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ ამერიკას და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ თვითონ განსაზღვრონ საკუთარი ბედი, ჰქონდეთ დემოკრატია, შეუერთდნენ დანარჩენ ევროპას და NATO-ს. მახსოვს წლების განმავლობაში საქართველოში ვიზიტები, როცა ქართველები ავღანეთში გვეხმარებოდნენ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს ურთიერთობა და გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად უკუსვლა [დემოკრატიიდან] ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მიზანია ვნახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ისინი წავახალისოთ. მათ აქვთ ვალდებულება აღებული, რომ სურთ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ამისთვის ევროკავშირმა მათ სთხოვა, გაატარონ გარკვეული რეფორმები, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასადგომად. იმედია ისინი ამას გააკეთებენ, გადახედავენ ზოგიერთ ამ რეფორმას და შეძლებენ მათ შესრულებას... ან პროგრესის მიღწევას მაინც". – თქვა ჯინ შაჰინმა.

ამერიკელმა სენატორმა ასევე გაიხსენა მისი ბოლო სიტყვები საქართველოს მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებსა და ურთიერთობის სტრატეგიის შესაძლო გადახედვაზე. შაჰინმა განმარტა, რომ ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფებების მიუხედავად, პარტნიორები ხელისუფლების მხრიდან უკუსვლას ხედავენ და უნდა მათ უნდა იფიქრონ, თუ რა სახის მხარდაჭერითაა შესაძლებელი ამგვარი რეგრესის ცვლილება.

"ჩვენ ვცდილობთ რეგულარულად შევაფასოთ ჩვენი პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, ნებისმიერ რეგიონში, მთელ მსოფლიოში. როგორც იმ განცხადებაში ვთქვი და რასაც აქაც გავიმეორებ, არის ის, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, და დემოკრატიზაციისკენ სვლა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა ამის შესაცვლელად.

თუ ის, რასაც დღემდე ვაკეთებთ, არ არის სწორი მიდგომა, მაშინ მოდით ვიფიქროთ გზებზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ცხადია, რომ ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა, მათ სურთ დემოკრატია. მათ სურთ ყველა ის თავისუფლება, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები იმისთვის, რომ მათ ამაში ხელი შევუწყოთ და მთავრობამ გააცნობიეროს, რომ უკუსვლა, რომელიც მიმდინარეობს, არ არის პროდუქტიული და ის ვერ მიიყვანს მათ იქ, სადაც საქართველოს ხალხს სურს წასვლა". – თქვა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები