EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ლიტვის პრემიერი: რუსეთზე სანქციებს შედეგი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება

Arnas Strumila

ლიტვის პრემიერმინისტრის, ინგრიდა შიმონიტეს თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებს შედეგი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება, რაც ევროკავშირისგან მოთმინებას მოითხოვს. 

"ჩემი გზავნილი შემდეგია – საჭიროა, მოთმინება გამოვიჩინოთ. რადგან არ არსებობს სანქციები, რომლებიც რუსეთს [ომიდან] ერთ ღამეში გამოთიშავს. ეს შეუძლებელია, არ უნდა გვქონდეს ამის მოლოდინი". – თქვა ლიტვის პრემიერმინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ Reuters NEXT-ის კონფერენციაზე. 

მისივე თქმით, NATO-ს წევრი ქვეყნების შეთანხმებით, უკრაინაზე ზეწოლა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ უნდა მოხდეს. ამასთან, NATO-მ აღმოსავლეთ წევრი ქვეყნები და უკრაინა საჰაერო თავდაცვით უნდა უზრუნველყოს. 

ამას გარდა, შიმონიტემ გასულ თვეს პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შემთხვევა გაიხსენა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ინფორმაციით, ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ რაკეტას  მიჰყვებოდა.

შიმონიტეს ინფორმაციით, აუცილებელია, უკრაინას საჰაერო თავდაცვის გამართული სისტემა ჰქონდეს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ამიტომ NATO-მ უკრაინა გამართული საჰაერო თავდაცვის სისტემით უნდა უზრუნველყოს. 

ლიტვა მომავალ წელს NATO-ს სამიტს უმასპინძლებს. შიმონიტეს მოლოდინით, სამიტზე დომინანტი როლი უკრაინას ექნება, ხოლო შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებით, ისინი დასავლეთის თავდაცვის ალიანსს შეუერთდებიან.

კომენტარები