ეკონომიკური ზრდა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 8.3%-ით გაიზარდა, წლის პირველი 10 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10%-ით განისაზღვრა. იანვარში ეკონომიკური ზრდა 18% იყო, თებერვალში 14.6%, მარტში 10.6%, აპრილში - 2.6%, მაისში - 11.6%, ივნისში 7.2%, ივლისში 9.7%, აგვისტოში - 10.5%, სექტემბერში კი - 10.8%.

საქსტატის ინფორმაციით, "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება".

კლების ტენდენცია იყო დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.


2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ რეკორდული ვარდნა განიცადა და 6.1%-ით შემცირდა.

კომენტარები