საახალწლო სლოგანი

კალაძე: მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც 2022-მა წელმა საქართველოს მოქალაქეებს გვაჩუქა

თბილისის მერია

"სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლიდან ყველა თბილისელი და ყველა ქართველი ისურვებდა" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, საახალწლო სლოგანზე საუბრისას თქვა. კალაძე ამბობს, რომ "იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება რეგიონში, რა ვითარებაცაა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი პირველი რასაც ინატრებს, ჩაიფიქრებს, ეს არის მშვიდობა". მისივე მტკიცებით, უმძიმესი პროვოკაცია და სპეკულაციაა წარმოჩენა, თითქოს საახალწლო სლოგანი - მშვიდობის ქალაქი - უკრაინელების მიმართ ნიშნის მოგებაა. 

"საკმარისია, ხელისუფლების, დედაქალაქის მთავრობის ან თუნდაც საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, ინიციატივა, რომ მაშინვე მყისიერად იწყება ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, არ ვიცი, რა დავარქვა ამ მდგომარეობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა.

გუშინ კონკრეტულმა მედიებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, ჩვენი საახალწლო სლოგანი მშვიდობის ქალაქი წარმოეჩინათ როგორც ნიშნის მოგება ჩვენი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით განმსჭვალული ადამიანი არასდროს იკადრებს და არასდროს გააკეთებს. თუმცა, კარგად მესმის, რომ ამ ადამიანებს სამშობლოს მიმართ არც სიყვარული გააჩნიათ, არც პატივისცემა და არც ღირსება.

ყოველ ახალ წელს ადამიანები ტრადიციულად აღნიშნავენ მთავარ სიკეთეს, რითაც გასული წელი ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ და ერთმანეთს უსურვებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მათ უნდათ, რომ მომავალმა წელმა მოუტანოთ. იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც ჩვენს რეგიონში და თანამედროვე სამყაროშია შექმნილი, სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლიდან ყველა თბილისელი და ყველა ქართველი ისურვებდა.

ამასთან, პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, ვისაც თითოეული თბილისელი და ქართველი ერთმანეთის შემდეგ მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან, დიახ, მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, 

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვდობის ქალაქი, ეს მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს, თურმე როგორ გავბედეთ და ვახსენეთ მშვიდობა, რომლისკენაც ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეგობარი უკრაინაც მიისწრაფვის, გმირი უკრაინელი ხალხი დღეს სწორედ თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის.

მართლაც მრცხვენია ამ თემაზე საუბარი და ახსნა-განმარტება რომ მიწევს, რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა და არ გავუშვათ ეს ყველასთვის სანუკვარი სურვილი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიმართულებით?

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საახალწლო სლოგანში, რა თქმა უნდა, არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი, მშვიდობა არის ის, რისკენაც სწრაფვა წესით და რიგით ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ყველა პოლიტიკოსს უნდა აერთიანებდეს, თუმცა, დღეს მიწევს ერთი რამის თქმა, რომ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები სხვანაირად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი განმეორებაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი, სინამდვილეში მათ მშვიდობის შესახებ არა სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ, უპირველესყოვლისა თავად მშვიდობა აღიზიანებთ, სლოგანზე თავდასხმა ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი.

ეს თემა განსახილველად საზოგადოებისთვის მიმინდია. მთავარი ის კი არ არის, რა წარწერა იქნება ქუჩებში და რა სლოგანს გამოიტანს დედაქალაქის მერია, მთავარია, გულით ვისურვოთ კეთილი სურვილები და ცოტა უფრო მეტად გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და ხალხი" - ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერმა 29 ნოემბერს თქვა, რომ წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება თბილისი - მშვიდობის ქალაქი. აღსანიშნავია, რომ "მშვიდობას” მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლება კოსნპიროლოგიურ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პროპაგადაში იყენებდა.

კომენტარები