სახალხო დამცველი

ოპოზიციასთან კონსულტაციებს ომბუდსმენობის 8 კანდიდატზე გავაგრძელებთ – ოცნება

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობა ოპოზიციასთან სახალხო დამცველობის 8 კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციას. 

მდინარაძემ განმარტა, რომ თავდაპირველი 19 კანდიდატიდან 3-მა კანდიდატურა მოხსნა, ერთი პარლამენტში გასაუბრებაზე არ გამოცხადდა, 7-ს კი მხარს არცერთი პოლიტიკური ჯგუფი არ უჭერს, შესაბამისად, მათზე მსჯელობის გაგრძელება, მდინარაძის სიტყვებით, არარელევანტურია.  

"დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში ჩავაყენეთ ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით და ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხზე. ოპოზიციის შეხვედრის და უმრავლესობის დღევანდელი სხდომის ერთგვარი საერთო შედეგი შემიძლია, გაგაცნოთ. მოგეხსენებათ, იყო 19 კანდიდატი, აქედან 3-მა მოხსნა კანდიდატურა, ერთი საერთოდ არ გამოცხადდა საქართველოს პარლამენტში. ბუნებრივია, ამ ადამიანებზე მსჯელობას არ და ვერ გავაგრძელებდით. დარჩენილი კანდიდატებიდან, 7 მათგანთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია. შეიძლება, ითქვას, რომ თუ არცერთი პოლიტიკურ ჯგუფი უმრავლესობის ჩათვლით, ფრაქცია ქართული ოცნების ჩათვლით, არ უჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, ბუნებრივია, ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. შესაბამისად, მათემატიკური დათვლითაც კი, გნებავთ დავარქვათ თეორიული შანსი ან ა.შ. რჩება 8 კანდიდატი, რომლებზეც უმრავლესობა გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან". - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მდინარაძის თქმით, ეს კანდიდატები არიან: 

  • ანა აბაშიძე 
  • გიორგი ბურჯანაძე 
  • ლელა გაფრინდაშვილი
  • თინათინ ერქვანია
  • ნუგზარ კოხრეიძე
  • გიორგი მარიამიძე
  • ქეთევან ჩაჩავა
  • იაგო ხვიჩია

"ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ გამორიცხვის ხსენებული მეთოდით მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ, ამ 8 კანდიდატზე გავაგრძელებთ ჩვენ კონსულტაციებს ოპოზიციასთან". - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

კომენტარები