კრიმინალი

"ფსევდოლიბერალების აგრესია" – მდინარაძე საპატრიარქოს განცხადების კრიტიკაზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის საქმეზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმაურება. მამუკა მდინარაძე დეკანოზი ანდრიას კრიტიკას "ფსევდოლიბერალურ აგრესიას" უწოდებს. მისივე შეფასებით, საპატრიარქოს განცხადება ლეგიტიმურ და მორალურად სწორ მიზნებს ემსახურებოდა. 

"ეკლესიის წარმომადგენელმა Facebook-პოსტი დადო, თავისი ნააზრევი თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და, სინამდვილეში, ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარებში, ამ პოსტზე რეაქციებში - ადამიანს რა სცადეს, რა უნდა დამართნოდა, მათ პიარულ შედეგზე ვლაპარაკობ და ე.წ. ფიდბექზე, იმის გამო, როგორ გაბედა საპატრიარქოს წარმომადგენელმა თავისი აზრის დაფიქსირება. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით წლების წინ, თუ ლიბერალიზმი წარმოადგენდა ყველაზე აგრესიული რიტორიკის საფუძველს. [ლიბერალიზმი] მათი გაგებით - რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს არ არის ლიბერალიზმი და, მით უმეტეს, ეს არ არის არც ჰუმანური მიდგომა, არც ტოლერანტული, არც აზრის პატივისცემა, არც გამოხატვის და ა.შ. ეს არის ფსევდოლიბერალური აგრესია, ეს არის მათი ქმედების სათაური და მტრობა ეკლესიის, შენი იდენტობის, შენი სამშობლოსი და შენი ქვეყნის. 

მგონი, პირველად არ გაუგიათ არც მათ და არც ჩვენ რაც თქვა იმ კონკრეტულმა ადამიანმა, მამაოზეა ლაპარაკი. საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელზეა ლაპარაკი, რომელმაც, პრაქტიკულად, თქვა რა, რომ აგრესია, ზიზღი, სიძულვილი შობს ახალ აგრესიას, ზიზღს, დაგმო ქალის მიმართ ძალადობა და საპატრიარქოს განცხადებაც მსგავ ლეგიტიმურ, მორალურად სწორ მიზნებს ემსახურებოდა. თუკი ვინმე გააკრიტიკა რომელიმე წარმომადგენელმა, ის მასზე თავდასხმის საფუძველი არ არის. კრიტიკა არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაესხა თავს და რუსეთის აგენტი ეძახო. ეს ეკლესიის სიძულვილი, მტრობა და შენი ქვეყნის სიძულვილი და მტრობაა". - ამბობს მდინარაძე. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".  

შემთხვევა დედათა მონასტერში 26 ნოემბერს მოხდა. მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ უცნობებს მონაზონმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და გააუპატიურეს. 70 წლის ქალი კლინიკაში მკურნალობს. საქმეზე შსს-მ  წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავა. მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

    კომენტარები