კრიმინალი

"გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი" - დააკავეს 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "გამოავლინეს ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი". ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების  უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს - მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. 

"ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სხვადასხვა ადგილიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - კილონახევრამდე წონის" - წერს შსს და აღნიშნავს, რომ ასევე, ამოღებულია 66 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20  წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები