კრიმინალი

მედიაკოალიცია: საპატრიარქოს პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერის მონაზვნის გაუპატიურებასა და მასზე ძალადობასთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა – მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია.

საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას". – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად.

26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა – პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთი დაკავებულის დედა ამბობს, რომ ის ცოლზე ძალადობის გამო წარსული ნასამართლევია.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".

კომენტარები